თენგიზ ფხალაძე: დღეს უკრაინის ირგვლივ გაერთიანებულია მთელი ცივილიზებული სამყარო და უნდა განვსაზღვროთ, ვართ ამ ცივილიზებულ სამყაროსთან თუ არა

“დღეს უკრაინის ირგვლივ გაერთიანებულია მთელი ცივილიზებული სამყარო და უნდა განვსაზღვროთ, ვართ ამ ცივილიზებულ სამყაროსთან თუ არა. ქართული პოლიტიკის პარადოქსია – რაღაცები გავაკეთეთ, რათა გვეთქვა, რომ სწორ მხარეს ვდგავართ, მაგრამ მერე ისეთი რაღაცები მოვაყოლეთ, რაც აღარ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, ვთქვათ, სწორ მხარეს ვდგავართო”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, დღეს იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რაშიც ცენტრალური ადგილი უკრაინას უკავია და თუ ამ ერთიანი სისტემის მონაწილე არ ხდები, მაშინ როცა გადალაგდება, იქ აღმოჩნდები, სადაც სხვა მოგიჩენს ადგილს – ეს არის პრობლემა.

“საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებები ერთმანეთზე კვლავაც მწვავე განცხადებებით გამოდიან. ისევ იქ ვტრიალებთ, იმ არასწორ კალაპოტში, რაშიც ჩვენი ურთიერთობა არ უნდა იყოს. თუ ეს თვისებრივად, ძირეულად არ შეიცვალა, კარგს არაფერს მოგვიტანს – ეს არის მთავარი. პრობლემა განცხადებები არ არის, პრობლემა უფრო ღრმაა და ეს არის შესაცვლელი, რაც სხვათა შორის, შეიძლება შეიცვალოს კიდეც. ამის შანსი ახლა გამოჩნდა. მაგალითად, ერთ-ერთია ის, რომ უკრაინა ელჩს ნიშნავს, რომელიც დღე-დღეზე უნდა ჩამოვიდეს. თუ ამას პოლიტიკური ნებაც თან დაერთო, მაშინ კარგი შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ჩვენი ერთობლივი ისტორიის ეს არასწორი ფურცელი გადავშალოთ და წინ წავიდეთ. პრობლემა ის არის, რომ ჩაკეტილი ვართ ძალიან ვიწრო პოლიტიკურ კონიუნქტურაში, და ის ფუნდამენტი, რაც ჩვენი და უკრაინის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესებია, რომლებიც იმდენად არის გადაჯაჭვული, როგორც იტყვიან, ბედისწერაა ამ გზაზე ერთად სიარული, აი, ეს გვავიწყდება და ეს არის მთავარი პრობლემა.

ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. დღეს უკრაინის ირგვლივ გაერთიანებულია მთელი ცივილიზებული სამყარო და უნდა განვსაზღვროთ, ვართ ამ ცივილიზებულ სამყაროსთან თუ არა. ქართული პოლიტიკის პარადოქსია – რაღაცები გავაკეთეთ, რათა გვეთქვა, რომ სწორ მხარეს ვდგავართ, მაგრამ მერე ისეთი რაღაცები მოვაყოლეთ, რაც აღარ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, ვთქვათ, სწორ მხარეს ვდგავართო. რასაც ვაკეთებთ, იმასაც ვაფუჭებთ ჩვენივე განცხადებებით. ამას ჩვენთვის კარგი არაფერი მოჰყვება. მთავარი მაინც სხვაა -უკრაინაში ომიდან გამომდინარე დღეს სავსებით ახალი გეოპოლიტიკური, გნებავთ, უსაფრთხოების არქიტექტურაა. ახალი გეოპოლიტიკური გადალაგებაა, ახალი გეოპოლიტიკური ეკვილიბრიუმის ძიებაშია მსოფლიო. უკრაინა გაიმარჯვებს და ეს აპრიორი ნიშნავს პუტინისა და მისი რეჟიმის კრახს, უკრაინა კი გახდება გეოპოლიტიკური ცენტრი, ძლიერი რეგიონული ძალა და ამის გაუთვალისწინებლობა არ გვარგებს. დღეს იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რაშიც ცენტრალური ადგილი უკრაინას უკავია და თუ ამ ერთიანი სისტემის მონაწილე არ ხდები, მაშინ როცა გადალაგდება, იქ აღმოჩნდები, სადაც სხვა მოგიჩენს ადგილს – ეს არის პრობლემა. ცოტა ძნელია ჩვენი ხელისუფლების ირაციონალური ქმედების რაციონალურად ახსნა. ამ არასწორი მიდგომით ქვეყანა ზარალდება. ჯერ ვერ ვხედავ. თუკი რამე გავაკეთეთ, მაგალითად, ხელისუფლების რომელიმე წევრმა, უწყებამ, ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საელჩომ, მეორემ კი, ისევ სახელისუფლებო გუნდიდან, ამას ისეთი განცხადებები დაურთო, გაკეთებულს ფასი დაუკარგა.

უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც ომობს. გასაგებია, რომ იქ ახლა ემოცია მძლავრობს. გარდა ამისა, ესა თუ ის მაღალი თანამდებობის პირი შეუმცდარი არ არის, შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა იმგვარად უნდა იყოს აწყობილი (ამის მექანიზმები არსებობს), რაც გამორიცხავს, რომ ცალკეულმა განცხადებამ ურთიერთობა დააზარალოს. როდესაც ქვეყნებს შორის სწორი კომუნიკაცია და ურთიერთობა არ არის, მაშინ რჩება მხოლოდ საჯარო განცხადებები, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რაც უნდა ჰქონდეს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას, რომელიც სისტემურად მოშლილია. სისტემურად მოშლილი ურთიერთობა სისტემურადვე უნდა დალაგდეს – უნდა იყოს უშუალო კავშირი პირველი პირების, უწყებების დონეზე. არც ერთ ქვეყანასთან არ შეიძლება ამგვარი ურთიერთობა, მით უმეტეს, უკრაინასთან, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციაზე გვაქვს ხელი მოწერილი. ასე რომ, მექანიზმები იმისა, თუ როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ, არსებობს და საჭიროა მათი ამოქმედება…”,- განაცხადა ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები