საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა – საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, 2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა.
“ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.
ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
- სხვადასხვა
მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.