წლის ადამიანები 2022

წლის ადამიანები 2022 – გაზეთი „ბანკები და ფინანსების” ვერსია ეფუძნება ამა თუ იმ პიროვნების ან ადამიანთა ჯგუფის საქმიანობის ზეგავლენას საქართველოსა და მსოფლიოში მომხდარ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, დადებითი იყო ეს გავლენა თუ უარყოფითი.

გაზეთი „ბანკები და ფინანსები” წლის ადამიანების ვერსიას 1999 წლიდან აქვეყნებს. ეს არის გაზეთის შემოქმედებითი ჯგუფის, მენეჯმენტისა და  გაზეთის ტრადიციული რესპონდენტების თვალსაზრისი. წლის ადამიანად (წლის ადამიანებად), გამოცემის მიერ მთავარ კრიტერიუმად განსაზღვრულია, რომ დასახელებულს უნდა ჰქონდეს შესრულებული განსაკუთრებული როლი საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში,  მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, გასული წლის მანძილზე მომხდარ და დაფიქსირებულ მოვლენებში. ხაზი ესმება, რომ ეს ზეგავლენა და ამა თუ იმ პიროვნების აღნიშნული როლი შესაძლოა იყოს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.

გამოკითხვის შედეგად, წლის ადამიანად დასახელდა ფეხბურთელი, იტალიური „ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების გამორჩეული ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია.  მეორე ადგილი დაიკავა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა.  მესამე „მთავარი არხის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა, ნიკა გვარამიამ.

გამოკითხვის თითოეული მონაწილე ასახელებდა, მისი აზრით, წლის სამ საუკეთესო პიროვნებას. ქულების შეჯამების შემდეგ დადგინდა გამოკითხვის გამარჯვებული და საუკეთესო ათეული.

ტრადიციულად გამოკითხვის შედეგები ქვეყნდება გაზეთის საახალწლო ნომერში. ამჯერად გადავწყვიტეთ წლის ადამიანი 2022 და საუკეთესო ათეული ამ წლის დასაწყისში დაგვედგინა და გამოგვექვეყნებინა.

გაზეთ “ბანკები და ფინანსების” სოციოლოგიურმა ჯგუფმა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები. საბოლოო სიაში პიროვნებები დასახელებულნი არიან გამოკითხვისას მიღებული ქულების შესაბამისად. გთავაზობთ, აღნიშნული გამოკითხვის შედეგებს. თითოეული ჟურნალისტის და თითოეული რესპოდენტის მიერ დასახელებულ სამ ნომინანტს ენიჭებოდა პირველი ადგილისთვის – 10 ქულა, მეორე ადგილისთვის – 7, ხოლო, მესამე ადგილისთვის – 5 ქულა. გამოკითხვის მონაწილეებს ტექნიკური ჯგუფი ამცნობდა, რომ შეეძლოთ სავარაუდო გამარჯვებულად, როგორც ერთი ადამიანის, ისე ადამიანთა ჯგუფის დასახელება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოეთში მცხოვრები ქართველების ან საქართველოს მოქალაქეების, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების.

1999 წლიდან მოყოლებული, წლის ადამიანებად ,,ბანკები და ფინანსების” გამოკითხვის შედეგად აღიარებულ იქნენ:

ედუარდ შევარდნაძე
ნინო ანანიაშვილი
გიორგი კანდელაკი
ილია II
მიხეილ სააკაშვილი
ზურაბ ჟვანია
გიგა ბოკერია
ბიძინა ივანიშვილი
თბილისში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე მოხალისეები
ლაშა ტალახაძე
სალომე ზურაბიშვილი
ვაჟა გაფრინდაშვილი
გიორგი ჩაფიჩაძე და ქართველი ექიმები
მიხეილ ლომთაძე

გაზეთი „ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ წლევანდელი გამოკითხვის ფავორიტების ათეულს.

1. ხვიჩა კვარაცხელია – დიდი ხანია ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ასეთი საყოველთაო ეიფორია არ განუცდია. საქართველოს ყველა პატრიოტის და უბრალოდ, ყველა შეგნებული მოქალაქის არჩევანი, ვფიქრობთ, ხვიჩა კვარაცხელიაა. მაგალითი, რომ ტალანტს თუ დიდი შრომისმოყვარეობაც და მიზნის ერთგულებაც ახლავს თან, შეუძლია მთები შეძრას. თუ ამას თან ერთვის ახალგაზრდა კაცის კეთილშობილება და ადამიანური თვისებები (იტალიელები გაოცებას ვერ მალავენ – ერთი ტატუც კი არ აქვს და ეკლესიაში დადისო) წარმატებას წინ ვერაფერი დაუდგება. ასეთი დებიუტი არც ერთ დიდ ფეხბურთელს არ ჰქონია, სუპერ-ვარსკვლავების ჩათვლით. რას იზამს ლეგენდა, დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში ორფეოსის იგავმიუწვდომელ გაელვებად, თუ მცირეოდენ შეფერხებას გასული წლის ბოლოს, ახალი, სტაბილური ზეასვლა მოჰყვება და იგავად დარჩება ზედმეტი მითქმა-მოთქმა ნეაპოლში მისი სახლიდან კრიმინალების მიერ მოპარული მანქანის მიღმა საზოგადოებისთვის უცნობი დეტალების არსებობისა, რომელმაც ტრავმაზე მეტად გამოიწვია სტრესი და  მისი დროებითი წარუმატებლობა მწვანე მინდორზე.

2. ბიძინა ივანიშვილი – გასულ წელს უდავოდ უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო ქვეყნისთვის. სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას 2012-ში და შესაბამისად მმართველობის ავტორიტარული სტილის დასრულებას ქვეყანაში, გასულ წელს დაემატა მისი და მისი გუნდის მტკიცე პოზიცია არჩართულიყო ქვეყანა საომარ დაპირისპირებაში რუსეთთან. ამით თავისი, დასავლური სპეცსამსახურების კონტროლქვეშ არსებული მილიარდიანი აუარები საფრთხის წინაშე დააყენა, რასაც “კრედიტ სვისთან”  ხანგრძლივი სასამართლო დავა მოჰყვა. არაფორმალური მმართველობა, ცხადია ამცირებს მის საქვეყნო ღვაწლს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ის დარჩება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ქველმოქმედად და მეცენატად, პიროვნებად, რომელმაც, როგორც პირველი ქართული სახელმწიფოს დამაარსებელმა ფარნავაზმა, მთელი თავისი ქონება და საგანძური, იმან ქართლის სანახებში, კლდეში ნაპოვნი, ხოლო ივანიშვილმა რუსეთში მოპოვებული, მთლიანად ქვეყანას და სასიკეთო საქმეების კეთებას მოახმარა. იმედია, ქვეყნის ნათელი მომავლის ორიენტირებს, რომელსაც საფუძველი მეექვსე საუკუნეში, ხობისწყლის პირას აეტისა და ფარტაზის პაექრობისას ჩაეყარა, ის თავის თანამოაზრეებთან ერთად ისე არ შეცვლის, რომ მისი ღვაწლი სერიოზულად დაზიანდეს და შეიბღალოს.

3. ნიკა გვარამია – ვინ თუ არა მან, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ქართული „რა სად როდის” გამორჩეულმა ინტელექტუალმა იცის,  რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არის თუ არა მის საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ეს ადრე თუ გვიან გაირკვევა, ერთი მხრივ, ქართველი ხალხი და მეორეს მხრივ ევროსასამართლო თავის ვერდიქტს გამოაცხადებს და დააფიქსირებს, მანამდე ის ზედმეტი ხმაურის გარეშე ეგუება მის ამჟამინდელ მდგომარეობას. გვარამიას პოზიცია მოუწოდებს მის მომხრეებს, რომ რაგინდარა ნათელი მიზნებისთვის კანონიერების ფარგლებში თანმიმდევრული ბრძოლაა საჭირო და არა დესტაბილიზაცია, გადატრიალებები, ქაოსი რაც ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს, დამოუკიდებლობის დაკარგვადაც კი. თუ საუბარი მისი გენერალური პროკურორობის პერიოდის შეცდომებსა და სამართლებრივ გადაცდომებზეა, ბუნებრივია მან პასუხი უნდა აგოს. რა მაგალითსაც ის აძლევს ქართულ ოპოზიციას, უდავოდ დასაფასებელია.

4. ილია II – 90 წელი ამ ცოდვილ დედამიწაზე, ქვეყანაში სადაც სიკეთე და ბოროტება ისე უპირისპირდება ერთმანეთს, როგორც არსად სხვაგან, ყოველ შემთხვევაში ჩვენს სამეზობლოში. მისი ღვაწლის აბსოლუტურად მიუკერძოებელი და ობიექტური შეფასება დღეს შეუძლებელია. ამისთვის გარკვეული დროა საჭირო, მინიმუმ ერთი საუკუნე მაინც. დღეს მისი პატივისმცემელი და დამფასებელი უმრავლესობა და მისი კრიტიკოსი დანარჩენი საზოგადოება, ორივე მხარე მიმდინარე კონიუნქტურის ტყვეა და გადაჭრით ვერავინ იტყვის რომელი მხარეა მართალი. ფაქტი ერთია, დასუსტებული და ბოლშევიკური რეჟიმის მიერ იავარქმნილი ეკლესია ჩაიბარა, დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი ხელისუფალი, რბილად რომ ვთქვათ, არ სწყალობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი პატრიარქობის პერიოდში უამრავი ეკლესია-მონასტერი აშენდა, ათეისტური ქვეყნის მოქალაქეები ეკლესიას დაუბრუნდა. შესაბამისად, მასზე აუგის მთქმელიც ბევრია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ილია II 90 წლის ასაკში, პატრიარქობის 45 წლის თავზე, ისევ მოვლენათა ეპიცენტრშია.

5. დევი მეზურნიშვილი – ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიისას გამოჩენილი გაბედულების, სიმამაცის, თავდადებისა და კეთილშობილების გამო უდავოდ იმსახურებს ჩვენს მადლობას და წლის ადამიანთა ათეულში ყოფნას.

6. ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის, მეომარი ქვეყნის ლიდერი, რომელიც ურყევად დგას თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე. უკრაინის პრეზიდენტი თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მისი თავდადება და პოზიცია სამაგალითოა მაღალი იდეალების ერთგული ადამიანებისათვის მთელს მსოფლიოში.

7. ნონა გაფრინდაშვილი – გონიერი და დიდებული ქალბატონი, გასულ წელს ისევ გახდა ხანდაზმულთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში. ცნობილ „ნეტფლიქსს” სასამართლო  დავა მოუგო, თუმცა შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა.

8. ნანა სტამბოლიშვილი – მომხიბლავი, ნიჭიერი და საუცხოო მსახიობი. იმ თვალსაზრისითაც არის აღსანიშნავი მისი საქმიანობა 2022 წელს, რომ საქართველოს ჩვენს ერთ-ერთ დიდ მეზობელ ქვეყანაში – თურქეთში ფაქტობრივად არ იცნობს იქაური მოსახლეობის დიდი ნაწილი. არადა, მიდგომა – თურქეთს ჩვენი ისტორიული მიწები აქვს მიტაცებული, ამიტომ იგი მტერია, აწ და მარადის, არ არის გონივრული.  ჩვენ უნდა ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ თურქეთთანაც, ირანთანაც და რუსეთთანაც კი. აქ, თურქეთში ქართველების ცნობადობა დაბალია. ამ შესანიშნავმა გოგონამ, პოპულარულ თურქულ სერიალში მონაწილეობით, ჩვენი ცნობადობისა და ქართველებისადმი თურქების დამოკიდებულების გაუმჯობესებაში უდავოდ შეიტანა წვლილი.

9. ვლადიმერ პუტინი – ჩვენი დიდი მეზობელი და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი. პუტინმა დაანგრია ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ჩამოყალიბდა და ომი გააჩაღა უკრაინაში, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის და დასავლეთის ტოტალურ დაპირისპირებად იქცა. რამდენად გადავა ეს დაპირისპირება ცხელ ფაზაში ძნელი სათქმელია. რა დონეზეა წამსვლელი დასავლეთი და რუსეთი ამ დაპირისპირებაში უცნობია. მივა პუტინი ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენებამდე? რას მოიმოქმედებს წაგების საფრთხის წინაშე დამდგარი პუტინი? არსებობს თუ არა ველი კომპრომისისთვის, რომელიც ორივე მხარეს, უკრაინას და რუსეთს, დასავლეთს და რუსეთს, თანაბრად დააკმაყოფილებს? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ ჩანს. პუტინის აგრესია და საფრთხე რომელიც მან უკრაინას და მსოფლიოს შეუქმნა, უდავოდ მასშტაბურია.

10. თავიანთი უფლებებისთვის მებრძოლი ირანელი ქალები – მათი გაბედულება და სიმამაცე საარაკოა. თეოკრატიულ ქვეყანაში ქალების ამბოხი წარმოუდგენელი რამ იყო დღემდე, მას შემდეგ რაც აიათოლა ხომეინიმ შაჰის რეჟიმი დაამხო და აგერ უკვე სამი ათეული წელია ირანს სასულიერო პირები მართავენ. ჩვენ ირანთან მეგობრობა და ძმური ურთიერთობა გვსურს. დამოუკიდებლობის პერიოდში ირანის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსადმი კეთილმოსურნე იყო, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება არ გვაღელვებდეს  ირანელი ქალების უუფლებო მდგომარეობა. იმედია, ირანული საზოგადოება და უძველესი ცივილიზაციის მქონე ირანელი ხალხი შეძლებს ამ ქვეყნის მშვიდობიან ტრანსფორმაციას უკეთესობისკენ, სადაც ქალების უფლებების სათანადო დაცვა შესაძლებელი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები