მაია სანდუ: მოლდოვამ ევროინტეგრაციის გზაზე 35-დან 16 პუნქტი შეასრულა, კიდევ 9 – დასკვნით ეტაპზეა
მოლდოვამ შეასრულა 16 პუნქტი 35-დან, რომლებიც საჭირო იყო 2022 წლის ბოლომდე დაგვესრულებინა, რათა ევროინტეგრაციის პროცესი წინ წაგვეწია. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპასთან ინტეგრაციის ეროვნული კომისიის წევრებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შესრულებულ პუნქტებს შორისაა პარლამენტის მიერ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებაც, რომელიც 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო კიდევ 9 პუნქტი დასკვნით ეტაპზეა.
“დასკვნით ეტაპზეა 9 პუნქტი, მათ შორის „მაგისტრატურის უმაღლეს საბჭოში“ და „პროკურორების უმაღლეს საბჭოში“ კანდიდატების რიგგარეშე შეფასება, ანტიკორუფციული პროკურატურისა და კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ზუსტი დადგენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
ასევე დასკვნით ეტაპზეა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკას, ეკონომიკასა და მედიას ოლიგარქების გავლენისგან გაათავისუფლებს”, – განაცხადა მაია სანდუმ.
მისი თქმით, ყველა აქამდე შეუსრულებულ პუნქტზე მუშაობა მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ აღნიშნული მიმართულებით კიდევ უფრო სწრაფად უნდა იმუშაოს.
“ევროპული ინტეგრაცია უზრუნველყოფს მშვიდობას, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას და აამაღლებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ამ პროექტში საკუთარი წვლილის შეტანა ყველას შეგვიძლია”, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.