დიმიტრი ხუნდაძე: ჩანაწერმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოებაში და გააჩინა მთავარი კითხვა, ვისია მიშა – სანამ გავარკვევთ, ვისია, იყოს იქ, სადაც არის

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე “რუსთავი ორის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებს.

“ჩანაწერმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოებაში და გააჩინა მთავარი კითხვა, ვისია მიშა. აქამდე ნაწილობრივ ისაკუთრებდა დასავლეთი, რომ ეს მისია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას ხელი შეუწყო “აგენტოკრატიის” გარკვეულმა ჯგუფმა, ძირითადად, დასავლეთიდან. მაგრამ, აქვე, მისი დედა, ქალბატონი გიული ამბობს, რომ აქ არის რუსეთის ინტერესები. მთავარი სწორედ ეს არის, რომ ის არ არის საქართველოს, ის არ არის ჩვენი და მისთვის მთავარია რომ იყოს მისი, ვინც ხელს შეუწყობს მას ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. ამიტომ, მგონია, რომ სანამ ჩვენ გავარკვევთ, ვისია მიშა, იყოს იქ, სადაც არის.

მთავარია ვიყოთ ფხიზლად, ის არ არის ჩვენი, ის არ არის საქართველოსი და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ძალიან ეშინია” და “მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში”. ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ პარაზიტებს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები