მიხეილ ჩხენკელი ცნობილ მეცნიერს, ივანე კიღურაძეს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს ივანე კიღურაძეს 86 წლის იუბილეს ულოცავს.
„ბატონო ივანე, მთელი გულით გილოცავთ 86 წლის იუბილეს!
ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელიც თქვენი ღირსეული მოღვაწეობით მეცნიერების განვითარებაში შეგაქვთ.
თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს დიფერენციალური განტოლებებისა და სასაზღვრო ამოცანების კვლევის მიმართულებით მრავალი ღირებული ნაშრომი მოგვეპოვება, რომელზეც, მჯერა, კიდევ არაერთი სასახელო მეცნიერთა თაობა აღიზრდება.
განსაკუთრებით მინდა, გამოვყო თქვენი როლი ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის განვითარების საქმეში. ინსტიტუტის დირექტორობის პერიოდში თქვენ მართლაც უდიდესი შრომა გაწიეთ.
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი მილოცვის წერილში.