რატი იონათამიშვილი: 2008 წელს „ბუკი“ საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.
“ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ რუსეთის მიერ წარმოებულ ამ ომში საქართველო უკრაინას შეიარაღებულ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს, ეს იქნებოდა პირდაპირი საფრთხე მეორე ფრონტის გახსნის, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო ახორციელებს ყველანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას, ვაგზავნით ტვირთს, გენერატორებს. ამ მხრივ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მხარედ საქართველო ამ ომში არ დაფიქსირდება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, 2008 წელს „ბუკი“ საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და, ცხადია, ჩვენ არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. გარდა ამისა, უკრაინამ ითხოვა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ები. მისივე თქმით, ამ კომპლექსებთან დაკავშირებით არსებობდა არამხოლოდ აშშ-ს თანხმობა, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც.