იენს სტოლტენბერგი ნობელის მშვიდობის პრემიაზეა წარდგენილი 

სტორტინგის (ნორვეგიის პარლამენტის) კონსერვატიული პროგრესის პარტიის წევრმა, კრისტიან ტუბრინგ-გედემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა.

ტიუბრინგ-გედე განმარტავს, რომ „ნატოს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა რუსეთის თავდასხმის სერიოზულობა და მნიშვნელობა ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც დემოკრატიითა და ლიბერალური თავისუფლებებით ხელმძღვანელობენ. ის მალევე მიხვდა, რომ უკრაინის შეიარაღებული წინააღმდეგობა ასევე ევროპული ბრძოლაა და ამავე დროს, ნათლად აცხადებდა, რომ ნატო არ იქნებოდა ომის პირდაპირი მონაწილე“.

ნორვეგიელი პარლამენტარი აღნიშნავს, რომ სტოლტენბერგმა ტრანსატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება შეძლო, რაც გახდა „მნიშვნელოვანი სიგნალი რუსეთისთვის“; ასევე ხაზი გაუსვა შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებაში მის ხელშეწყობას.

ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებაზე კანდიდატების წარდგენა 31 იანვრამდე ხდება.

2022 წელს ნობელის პრემიის გამარჯვებული გახდა – უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“; ბელარუსი უფლებადამცველი – ალეს ბელიაცკი და რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები