ანექსირებულ ყირიმში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბაზირების ბირთვული საბრძოლო მასალების მატარებლებია განლაგებული – უკრაინის დაზვერვა

დროებით ანექსირებულ ყირიმში ამჟამად, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბაზირების რუსული ბირთვული საბრძოლო მასალების მატარებლებია განთავსებული.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა Ukrinform-ს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსული ბირთვული იარაღის მოძრაობას აკვირდება, კერძოდ, ტაქტიკურ დონეზე და იცის, სად მდებარეობს ის.

„სამხედრო დაზვერვა ხედავს, რომ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბირთვული მასალების მატარებლები ამჟამად, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზეა განლაგებული. საუბარია გემებზე, წყალქვეშა ნავებზე, თვითმფრინავებზე და სახმელეთო სისტემებზე, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული საბრძოლო მასალით დარტყმის განხორციელება. პოტენციურად, რუსეთს აქვს ასეთი შესაძლებლობა“, – განაცხადა ჩერნიაკმა.

მისივე თქმით,ოკუპანტებმა სოფელ კრასნოკამენკაში, “ფეოდოსია-13”-ის ობიექტზე ბირთვული მასალების შესანახად გარკვეულ სამუშაოებს ატარებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, დასრულებულია თუ არა ეს სამუშაოები.

რუსეთის მიერ ბირთვული დარტყმის რისკებზე საუბრისას, სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ოკუპანტ ქვეყანას ყველაფერი შეუძლია“.

„თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეძლებს გავლენა მოახდინოს ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, რომ მსოფლიო ბირთვულ კატასტროფამდე არ მიიყვანოს. უკრაინა ასევე, მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს ითვალისწინებს“, – აღნიშნა ანდრეი ჩერნიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები