„24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების 40% გაათავისუფლა“ – ვალერი ზალუჟნიმ გასული წლის სამხედრო შედეგები შეაჯამა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გასული წლის სამხედრო შედეგები შეაჯამა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 40%, ანუ 40 ათასი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ეს არის რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებული მთელი ტერიტორიის 28%, მათ შორის ყირიმის.

უკრაინის არმია მტერს 3 786 კილომეტრიან ხმელეთზე, მათ შორის აქტიური ფრონტის ხაზის 1500 კმ-ზე აკავებს.

2022 წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე, 3 000 ტანკი, 6 000 ჯავშანმანქანა, 2 000 საარტილერიო სისტემა, 420 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 300-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 270 შვეულმფრენი გაანადგურეს.

უკრაინელი სამხედროების წვრთნა ევროპის 17 ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უკრაინის დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით 20 000-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა წვრთნა.

საბრძოლო უბნებიდან 600 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ათასზე მეტი მძიმედ დაჭრილი სამკურნალოდ დასავლეთის ქვეყნებში გაიგზავნა.

29 ათასმა უკრაინელმა სამხედრომ სახელმწიფო ჯილდო მიიღო, 160-მა – უკრაინის გმირის ჯილდო“, – წერს ვალერი ზალუჟნი „ტელეგრამზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები