შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა აღვივებს საზოგადოებაში რადიკალიზაციას – პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის მიმართ რჩევა ვერ მექნება, მაგრამ იმედი მაქვს, ამ გადმოსახედიდან შეაფასებს ვითარებას

სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა აღვივებს საზოგადოებაში რადიკალიზაციას. იმედი მაქვს, ამ გადმოსახედიდან შეაფასებს პრეზიდენტი ვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

აღნიშნულით პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, თუ რას ურჩევდა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

„არა მხოლოდ პრეზიდენტზე ზეწოლის მცდელობას ვხედავთ, პირდაპირ ვხედავთ ზეწოლის მცდელობას სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოზე. ერთ-ერთი ხაზის წარმოჩენის მცდელობაა, თითქოს სააკაშვილის გათავისუფლება საზოგადოების დამშვიდების, დეპოლარიზაციის, თუ დერადიკალიზაციის ნაბიჯი იქნებოდა. ეს სიყალბე და მანიპულაციაა. სწორედ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა აღვივებს საზოგადოებაში რადიკალიზაციას.

პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის მიმართ რჩევა ვერ მექნება. მე როგორც მოქალაქეს, იმედი მაქვს, რომ ამ გადმოსახედიდან შეაფასებს პრეზიდენტი ვითარებას, ვინაიდან, პრეზიდენტი თავისი სტატუსით წარმოადგენს ინსტიტუტს, რომელმაც უნდა იზრუნოს საზოგადოების თანხმობასა და სიმშვიდეზე, ასევე სამართლის უზენაესობაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალა და აცხადებს, რომ „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები