სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულები საგამოძიებო სამსახურში დასაქმდებიან
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა – სოსო რამიშვილმა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა – ტარიელ ჭულუხაძემ სტაჟირების პროგრამის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსის შედეგად შერჩეულმა სტაჟიორებმა, ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაიარეს.
სწავლების პერიოდში გამორჩეული და წარჩინებული სტაჟიორები საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, წლებია ხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უწყებაში ახალგაზრდა ნიჭიერი კადრების მოზიდვას.