ისნის რაიონის გამგებელმა 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
ისნის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ისნის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ასევე, მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრა.
2022 წლის განმავლობაში ისნის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 23,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს, ისანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 70 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; ჯამში, ასფალტის ძველი საფარი ახლით 80 მისამართზე შეიცვალა. გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 7 მისამართზე დასრულდა; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 11 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. რაიონს 31 მრავალფუნქციური სკვერი და საბავშვო მოედანი შეემატა.
ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა და 1 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედანი და ახალი გზა ერთდროულად მოეწყო. თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე 5 000 კვ.მ-ზეა განთავსებული. 6 300 კვ.მ-ზე კი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
სამუშაოების საერთო ღირებულებამ 2 332 540 ლარი შეადგინა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 180 სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. კაპიტალური გამაგრების სამუშაოები 9 ნაგებობას ჩაუტარდა, რეაბილიტირდა 51 ბრტყელი და ქანობიანი სახურავი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები 25 მისამართზე, მოეწყო ლიფტი 32 მისამართზე და 16 მისამართზე სადარბაზოს რეაბილიტაცია განხორციელდა. მიმდინარე წელს ისნის გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებებიც ჩაატარა.