უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად, ვარშავაში საახალწლო ზეიმი არ გაიმართება

უკრაინაში მიმდინარე ომისა და ფინანსური პრობლემების გამო, ვარშავაში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება.

ამის შესახებ ვარშავის მერიის პრესმდივანმა, მონიკა ბეუტმა განაცხადა, და აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წელია დღესასწაულების გაუქმება „ტრადიციად“ იქცა, მანამდე შემაფერხებელი ფაქტორი კორონავირუსული პანდემია იყო.

„წელს არაფერს ვთავაზობთ ვარშაველებს საახალწლოდ. სამწუხაროდ, ეს უკვე ასეთი ტრადიციაა, რადგან პანდემიის დროს ახალი წლის ღამე არ შედგა. გვაქვს ენერგეტიკული კრიზისი, ამიტომ ხარჯის შემცირება, პირველ რიგში ეხება გართობას. ახლა არ გვაქვს ასეთი ხარჯის შესაძლებლობა, ამიტომ იძულებული ვართ ახალი წლის ღამე დამოუკიდებლად გავატაროთ“, – თქვა მან.

გარდა ამისა, ბეუთის თქმით, ახლა არ არის შესაფერისი გარემო მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისთვის.

“უკრაინაში, ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრის მიღმა, მიმდინარეობს სასტიკი, სისხლიანი, ველური ომი, რომელშიც ყოველდღე იღუპება ხალხი და მშვიდობიანი მოსახლეობა. ამიტომ, ეს არ არის ის კლიმატი, რომელიც წაახალისებს ასეთი განსაკუთრებული, მხიარული მოვლენების მოწყობას”, – თქვა მან.

ამჟამად ვარშავაში, დაახლოებით 100 ათასი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები