ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წელი შეაჯამა და 2023 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა და თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრაზე 2022 წლის აპარატის საქმიანობა შეაჯამეს და 2023 წლის სამუშაო გეგმის პროექტი შეიმუშავეს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო საკანონმდებლო ინიციატივებზე და კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობაც შეაჯამეს. განისაზღვრა საკითხები 2023 წელს საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტების გამოყენებისთვის, რომლითაც კომიტეტი ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის კონტროლს მოახდენს.
კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით კომიტეტის მიერ შემდეგი წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ახალ სამოქმედო გეგმას 2023 წლის დასაწყისში დაამტკიცებს. სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა” ხელშეწყობით გაიმართა.