შალვა პაპუაშვილი – ანდრო ბარნოვის განცხადებაზე: ერთადერთი მიზეზი რატომაც ამ მუქარას ვერ ასრულებენ, არის ის, რომ მათ არ აქვთ სახელისუფლებო ბერკეტები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანდრო ბარნოვის ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა.

“გარკვეული პერიოდი ისინი ცდილობენ, რომ შეფუთონ, დაფარონ ის რეალური პოლიტიკა რაც მათ აქვთ. სწორედ ასეთი განცხადებები ხანდახან გამოძვრება ხოლმე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა სისტემასთან გვინდა საქმე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში. რაზეც (ფეისბუქპოსტში) არის საუბარი, ამას აკეთებდნენ კიდეც. დღეს ერთადერთი მიზეზი რატომაც ამ მუქარას ვერ ასრულებენ, არის ის, რომ მათ არ აქვთ სახელისუფლებო ბერკეტები. როგორც კი მიიღებენ ისინი სახელისუფლებო ბერკეტებს, დააბრუნებენ ზუსტად იმავე ტერორს და იმავე სისტემას, რომელიც გვქონდა 2012 წლამდე“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, პოლიტიკოსმა ანდრო ბარნოვმა სოციალურ ქსელში დაწერა: “როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან. ამის შემდეგ, ყველა იდიოტის დევნას ნამდვილად აზრი არ აქვს (მაგალითად, კიწი დოლიძეს ციხეში არ ჩავსვამთ), მაგრამ კონკრეტული დამნაშავეები კი კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს. თუმცა, რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ვითომ “ჟურნალისტებს” რომლებიც დღეს ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო სპეცოპერაციას ახორციელებენ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ? რა უნდა ვუყოთ იმ “ჟურნალისტებს”, რომლებიც დავალებებს სუსიდან და სხვა სახელისუფლო სტრუქტურებიდან იღებენ? რა სამართლებრივი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ მათ პასუხი აგონ და სულ მცირე, ჟურნალისტური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალოთ?”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები