„წიწვოვანი მცენარეები საქართველოს მცენარეულ საფარში არც თუ  ისე ბევრია, მაქსიმუმ 16 %-ია,“ –  რა სანქციები მოქმედებს   ნაძვის ხეების უკანონოდ მოპოვებაზე და  რა შემთხვევაში შეიძლება წიწვოვნების რეალიზაცია

„პრევენციული ღონისძიებები მხოლოდ იმისთვის ტარდება, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ    ჩვენი წიწვოვანი მცენარეები, წიწვოვანი კორომი,     რომელიც საქართველოს მცენარეულ საფარში არც თუ  ისე ბევრია, მაქსიმუმ 16 %-ია,“ – ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა , მაია ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

მაია ჩხობაძე

 მისი თქმით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი  წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლს 24-საათიან  რეჟიმში ახორციელებს.

მანვე განმარტა,  თუ რა ჯარიმები მოქმედებს,   წიწვოვანი მცენარეების უკანონოდ მოპოვებაზე.

„ახალი წელი ახლოვდება. სამწუხაროდ, ისევ პრევენციული ხასიათის განცხადების გაკეთება გვიწევს,  რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად  ტყის ფონდში დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიებზე   წიწვოვანი ხე – მცენარეების უკანონო მოპოვებისგან მაქსიმალურად  თავი   შევიკავოთ.   წიწვოვანი მცენარე  შეიძლებაკერძო საკუთრებაში, სანერგე მეურნეობაში, პლანტაციურ მეურნეობაში  იქნას მოპოვებული. თუ ძალიან გვინდა, რომ ახალ წელს ცოცხალი ნაძვის ხით შევხვდეთ,  აუცილებლად კანონიერი გზით მოპოვებული წიწვოვანი მცენარე უნდა შევიძინოთ.  სანერგეში, პლანტაციურ მეურნეობაში მოპოვებულს, ასევე  იმპორტირებულ  ნაძვის ხეს  აუცილებლად თან მისი კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ახლდეს.   კერძო საკუთრებასა და პლანტაციურ, სანერგე მეურნეობაში მოპოვებული ხე-მცენარისთვის  ასეთი ადგილწარმოშობის ცნობაა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი უფლებამოსილი უწყება გასცემს. ცნობა პირს რეალიზაციის პროცესში  აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს. ზედამხედველობის დეპარტამენტი უწყვეტ პატრულირებას წიწვოვანი მცენარეების კორომებთან, მოპოვების ადგილებთან 24 საათიან რეჟიმში ახდენს,  ტრანსპორტირების პროცესს აკონტროლებს ასევე რეალიზაციის პუნქტებში აკონტროლებს,  კანონიერი რეალიზაცია ხორციელდება, თუ არა.

საჯარიმო სანქციები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ მოხდა წიწვოვანი მცენარის მოპოვება. მაგალითად,   ტყეში წიწვოვანი მცენარის დაზიანება, წვეროს, ტოტების წაჭრა , რომელიც მას აღწარმოების უნარს უკარგავს, 500 ლარით ჯარიმდება, უკანონოდ მოჭრა 1000 ლარით, დაცულ ტერიტორიებზე წიწვოვანი  მცენარის უკანონოდ მოპოვება,  მოჭრა,  დაზიანება 1500 ლარით ჯარიმდება, ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე 500 ლარით.  რაც ჩამოვთვალე, ყველა შემთხვვეაში ჯარიმას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა  ემატება.   ტრანსპორტიების პროცესში,  როცა  დაჯარიმება,  უკანონოდ მოპოვებული მცენარის ტრანსპორტიების ფაქტის გამოვლენა ხდება,  ჯარიმა 1000  ლარია, ამას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება, ამასთან,  ავტომანქანის გადაყვანის და დროებით სადგომზე განთავსების ხარჯი მფლობელმა უნდა გასწიოს.  ასეთი მაღალი საჯარიმო სანქციები ახალი წლის წინა დღეებში  სასურველი არ არის.  ასეთი პრევენციული ღონისძიებები მხოლოდ იმისთვის ტარდება, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ    ჩვენი წიწვოვანი კორომი,  წიწვოვანი მცენარეები,  რომელიც საქართველოს მცენარეულ საფარში არც თუ  ისე ბევრია, მაქსიმუმ 16 %-ია“ – განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი საახალწლო ნაძვის ხე ბევრად უფრო ლამაზია,  რადგან,  ყველა ტოტი თანაბრადაა  განვითარებული.

„წიწვოვან მცენარეებს ის გარემოება ახასიათებთ, რომ ისინი მხოლოდ თესლით მრავლდებიან,   მათთვის წვეროს წაჭრა,  სადაც   გირჩს ივითარებს,  კრიტიკულად შეუსაბამო და არარეკომენდებულია.  ვიცით, რომ გირჩში თესლია განთავსებული.   წვეროს წაჭრა,   უკანონოდ ტოტოების მოჭრა არ შეიძლება,   ეს მცენარის ზრდას,  მისი აღწარმოების უნარს აფარხებს. აქედან გამომდინარე,  უმორჩილესად გთხოვთ, წიწვოვანი მცენარეების  უკანონოდ  მოპოვებისგან  თავი მაქსიმალურად შევიკავოთ.    ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ აღიარა,   კაცობრიობისთვის, ჩვენი არსებობისთვის მცენარეული საფარი  რამდენად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით,  ისეთი მთა-გორიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. საქართველსოთვის ტყე უმნიშვნელოვანეს   როლს ასრულებს  და ამ როლში უდიდესი წილი წიწვოვან მცენარეებსაც მიუძღვის.   წიწვოვან მცენარეებს ხელშეწყობა და გამრავლება სჭირდება.   ყველა ქვეყანაში  სანერგეებიდან,  პლანტაციური მეურნეობებიდან მოპოვებულ საახალწლო   ნაძვის ხეს  იყენებენ.     საბედნიეროდ,  საქართველოში რამდენიმე ერთეული სანერგე მეურნეობა არსებობს, სადაც  საახალწლო ნაძვის ხეები გამოჰყავთ.  სწორდ ასეთი ნაძვის ხეების შეძენისკენ მოგიწოდებთ.

სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი საახალწლო ნაძვის ხე ბევრად უფრო ლამაზია.  იქ დაშორებას, ექსპოზიციას, განათებას ითვალისწინებენ, შესაბამისად ,    ყველა ტოტი თანაბრად ვითარდება“ – განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამ დროისთვის უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი მცენარის ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

წელს უკვე, სამწუხაროდ, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი მცენარის ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა. რა თქმა უნდა, ჩამორთმევა და ავტომანქანის დროებით სადგომზე გადაყვანა მოხდა. სასამართლო განიხილავს და სამართალდამრღვევს ჯარიმა დაეკისრება. ფაქტები სამეგრელო- ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

სტატისტიკა შემცირებულია პრევენციული ღონისძიებების გამო. პრევენციას ატარებს არა მხოლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, არამედ არამედ მართვის ორგანოებიც თავიანთ საკონტროლო ტერიტორიაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ყოველწლიურად ძალების მობილიზებას ახდენს.ვფაქტობრივად, ეს წიწვოვანების მოპოვებისთვის ცხელი პერიოდია. ვისურვებდი, სამომავლოდ ეს ასე არ იყოს. უწყვეტი პატრულირება გარკვეულად შემაკავებელია. რა თქმა უნდა, ზოგადად, ფაქტები შემცირებულია” – განაცხადა მაია ჩხობაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები