“რუსულ გაზეთში” გამოქვეყნებულ სტატიაში მედვედევი პუტინს ეწინააღმდეგება
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკება მიუღებელია.
ამის შესახებ მან “Российская газета”-სთვის დაწერილ სტატიაში ამბობს.
მთლიანობაში მედვედევის თეზისები პუტინის მიდგომებს ემთხვევა. მაგალითად, ისიც ფიქრობს, რომ ომის დაწყება “იძულებითი ნაბიჯი” იყო, თუმცა, პუტინისგან განსხვავებით მოლაპარაკების მომხრე არ არის.
თუ პუტინი ამბობს “რუსეთი მზადაა მოლაპარაკება გამართოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან მისაღები გადაწყვეტილებების შესახებ”, მედვედევისთვის უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ნებისმიერ შესაძლებლობა მიუღებელია.
“ნებისმიერი მოლაპარაკება ამჟამინდელ, უკრაინის მარიონეტულ ხელმძღვანელობასთან აბსოლუტურად უაზრო გახდა, ჯერ კიდევ გასულ წელს”, – აცხადებს მედვედევი.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი შესრულდეს”.
“ეს არის ახალ ტერიტორიებზე, რომლებიც რეფერენდუმის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ, ჩვენი თანამემამულეების დაცვა. უკრაინის ამაზრზენი, თითქმის ფაშისტური რეჟიმის დენაციფიკაცია. უკრაინის სახელმწიფოს სრული დემილიტარიზაცია. აგრესიისგან გარანტიები მომავალში,” – აცხადებს დიმიტრი მედვედევი.
და ბოლოს, პუტინის მსგავსად, მედვედევიც მიმართავს რუსეთის ბირთვული არსენალის გამოყენების მზაობის თემას.
„ერთადერთი, რაც დღეს ჩვენს მტრებს აჩერებს, არის იმის გააზრება, რომ რუსეთი იხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებით ბირთვული შეკავების სფეროში. და თუ რეალური საფრთხე წარმოიქმნება, ის იმოქმედებს. უბედურება იმაშია, რომ შემდგომ ვერავინ გაერკვევა, რა იყო ეს – საპასუხო დარტყმა თუ პრევენციული, ”- ამბობს დიმიტრი მედვედევი.