დმიტრო კულება: სანამ მსოფლიო საშობაოდ ემზადება, უკრაინელები ბოროტებას ებრძვიან
რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორებს უკრაინის უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„სანამ მსოფლიო საშობაოდ ემზადება, უკრაინელები ბოროტებას ებრძვიან. შობის ღამე. ხერსონში რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. იზრუნეთ უკრაინაზე, რომელიც ამჟამად ებრძვის ბოროტებას. ჩვენ გვჭირდება თქვენი აქტიური და მუდმივი მხარდაჭერა“, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დღეს ხერსონის ცენტრზე მასობრივი იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 58 დაშავდა, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.