ანრი ოხანაშვილი: ყველას უნდა შევახსენოთ, იქნება ეს ზელენსკი, სხვა შიდა თუ გარე საჯარო პირი, რომ ის საქმეები გაითვალისწინონ, რაც ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა

“მსგავსი განცხადებები არის ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება და ამის უფლება არავის აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მოწოდებები, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს – საფუძველს მოკლებულია.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და სტრასბურგის სასამართლოს მასშტაბით ცნობილია ის ფართო სპექტრი დანაშაულისა, რაც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლების მეშვეობით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის საქმეები, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა წამებას, არასათანადო მკურნალობის გაწევას პატიმრებთან მიმართებით. ყველას უნდა შევახსენოთ, იქნება ეს ზელენსკი, სხვა შიდა თუ გარე საჯარო პირი, რომ ის საქმეები გაითვალისწინონ, რაც ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, რომ ამ დანაშაულების ჩადენის გამო პასუხი უნდა აგოს მან. მოწოდებები, რომელიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ნიშნავს, რომ თურმე სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ასე უბრალოდ, მიუხედავად ტელევიზიის დარბევაში მონაწილეობისა, საკუთრების უფლების შელახვისა, მედიაზე ზეწოლისა, წნეხისა, ხალხის ცემისა და სიკვდილამდე მიყვანასთან დაკავშირებით გაცემული დავალებებისა, არის ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება და ამის უფლება არავის აქვს“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. „გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, სხვა ევროპულ ქვეყანაში, ამერიკაში. დროა, გადაიდგას ასეთი კეთილი ნაბიჯი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები