მაია ბითაძე: მომდევნო წელს მივიღებთ ახალ კანონს, რაც ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი მმართველობის შესრულებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება
პარლამენტში დღეს წყლის მართვის კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე წყლის რესურსების სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის შესახებ კონცეფცია იყო წარმოდგენილი.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შექმნილი არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონპროექტით განსაზღვრული პრინციპები ფაქტობრივად სრულად ეფუძნება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს.
„ჩვენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და პარტნიორებთან – გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით, ვიმუშავეთ კანონპროექტზე, გვქონდა ინტენსიური დისკუსიები და დღეს უკვე მზად გვაქვს საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების კონცეფცია. ამავე დროს მნიშვნელოვანი საკითხია კანონის აღსრულება, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება, რომელზეც კანონპროექტის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. სამინისტროში ჩვენი შესაძლებლობების იმისათვის გაძლიერება დავიწყეთ, რომ მეტ-ნაკლებად მომზადებული დავხვდეთ კანონპროექტის აღსრულების პროცესს, განვსაზღვრეთ კომპეტენტური უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება აღსრულებაზე – ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ყველა ის ძირითადი მიმართულება განიხილეს, რომელიც წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონპროექტის ინსტიტუციური მართვის მექანიზმებთან არის დაკავშირებული.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა წყლის სააუზო მართვის გეგმების მომზადების წესზე. მთავარი მიზანია წყლის საუკეთესო ხარისხის მიღწევა, როგორც წყლის ხარჯვის, ასევე წყლის დაბინძურების პრევენციის თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში კომიტეტი აქტიურ სამუშაო პროცესს წარმართავს წყლის რესურსების მართვის კანონპროექტის სხვადასხვა სექტორებთან განხილვის თვალსაზრისით. მათ შორის კანონპროექტის განხილვა მოხდება კომიტეტთან არსებულ ბიზნესის სამუშაო ჯგუფთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად და ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ უკვე მივიღებთ წყლის დირექტივიდან გამომდინარე ახალ კანონს, რაც ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი მმართველობის ნაწილის შესრულებისკენ კიდევ ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.