გიორგი კობერიძე: უმნიშვნელოვანესი საკითხია, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, როგორც მოვლენა, აღიარებულია ჰააგის სასამართლოს მიერ
“დიახ, უმნიშვნელოვანესი საკითხია, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, როგორც მოვლენა, აღიარებულია ჰააგის სასამართლოს მიერ”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, გამოძიებამ აჩვენა საქართველოს სახელმწიფოს პოზიციური სიმართლე – ის, რომ საქართველო არის რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლი და კითხვებს – რა მოხდა აგვისტოში, ვინ არის დამნაშავე? – პასუხი ერთმნიშვნელოვნად გაეცა.
“ამ უმნიშვნელოვანესი გამოძიების შედეგად საერთაშორისო სამართლით დადასტურდა რუსული ოკუპაცია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ეს დღესაც გრძელდება და ნებისმიერ მოქმედებაზე, რომელიც ჩადენილი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. ამასთანავე, ეს საქართველოს ხელისუფლებას აძლევს სრულ ლეგიტიმაციას იმის სათქმელად, რომ ოკუპაციის შესაჩერებლად, შესაკავებლად ან შესამსუბუქებლად საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნებისმიერი ზომა შეიძლება იყოს მიღებული. ვიმეორებ, ამაში იგულისხმება ყველაფერი, რაც საერთაშორისო სამართლით არის დაშვებული, მათ შორის თავდაცვის უფლებაც. დიახ, უმნიშვნელოვანესი საკითხია, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, როგორც მოვლენა, აღიარებულია ჰააგის სასამართლოს მიერ.
გამოძიებამ აჩვენა საქართველოს სახელმწიფოს პოზიციური სიმართლე. ის, რომ საქართველო არის რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლი და კითხვებს – რა მოხდა აგვისტოში, ვინ არის დამნაშავე? – პასუხი ერთმნიშვნელოვნად გაეცა. ამ განჩინებამ აჩვენა, რომ საქართველო ისეთივე დაჩაგრულია, როგორც უკრაინა, და საქართველოს ტერიტორიებიც ისეთივე ოკუპირებულია, როგორც უკრაინის. ეს შეიძლება გამოვიყენოთ ძალიან ეფექტიანად რიგი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საკითხების დღის წესრიგში დასაყენებლად. ჰააგის პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, თემა, რომ შეიძლებოდა საქართველოს ჩაედინა ომის დანაშაულები, სრულად დაიხურა და ეს მნიშვნელოვანია. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამართალი ასე მარტივად აღსრულდება. ეჭვმიტანილთაგან ზოგი რუსეთს აფარებს თავს, ზოგი გარდაცვლილია, მაგალითად, გენერალი ბორისოვი. რუსეთი ჰააგას დამნაშავეებს არ გადასცემს, არც კრემლი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფოს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი სიმართლე. თუ ჩვენი ხელისუფლება უფრო მეტად იაქტიურებს ამ საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად, საერთაშორისო ფოკუსში მარტო უკრაინა კი არა, საქართველოც მოექცევა.
ეს გამოძიება კი ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია არა მარტო დღეს, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დასჭირდება საქართველოს დეოკუპაციას. დადგება დრო და ეს გამოძიება საქართველოს რომელიმე ხელისუფლებას აუცილებლად მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი პოზიცია უფრო მყარად და ხისტად წარმოაჩინოს. რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთისადმი, ის რიგ შემთხვევაში არა მარტო ფრთხილი, არამედ ძალიან სუსტიც არის. შეიძლება ფრთხილობდე, არ ცდილობდე მტრის გამოწვევას, მაგრამ ხვალინდელი დღისთვის, მომავლისთვის ემზადებოდე. ეს არის სიფრთხილე, აი, სისუსტე კი ნიშნავს, რომ არა მარტო ფრთხილობ, არამედ არაფრისთვისაც არ ემზადები, თანაც საკუთარ მოკავშირეებთან ურთიერთობას ძაბავ, მეტიც, მიზანმიმართულად თუ დაუდევრობით აუარესებ, რის შედეგადაც შეიძლება მტერთან პირისპირ, სულ მარტო დარჩე. სისუსტე ზუსტად ის არის, როდესაც მოწინააღმდეგე სახელმწიფოს უგზავნი სიგნალს, საფრთხეს ჩემგან არ ელოდო, საქართველო არ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას და ამიტომ ნუ დამჩაგრავო. ეს სიგნალი მოსკოვში ასე აღიქმება – საქართველო ძალიან სუსტია და როცა რა მოგვინდება, იმას გავაკეთებთ ამ ქვეყანაშიო. ეს არის ძალიან საშიში. აგრესორის ფსიქოლოგია სწორედ ასეთია – რაც მეტად დაუთმობ, მეტად დაუხრი თავს, მით მეტად გაქცევს საკუთარ მსხვერპლად. საერთაშორისო ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ჯობს აგრესორს გავუგზავნოთ სიგნალი, რომ თუნდაც მასზე სუსტ სახელმწიფოსთან ნებისმიერი დაპირისპირების შემთხვევაში მას ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს”, – განაცხადა კობერიძემ.