როგორ მოვიქცეთ ჰაერის დაბინძურების დროს – ბიძინა კულუმბეგოვი რეკომენდაციებს აქვეყნებს
ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჰაერის დაბინძურების დროს.
„საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით (PM2.5 და PM10). გთხოვთ, დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა:
• დარჩით შენობაში და შეზღუდეთ ქუჩაში ყოფნის დრო
• მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთ
• არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება
• გამოიყენეთ შესაბამისი ნიღაბი: N95 ან FFP2 ტიპის რესპირატორი (ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ასეთი ზომის მყარ ნაწილაკებს ვერ აკავებს).
• მანქანაში ჩართეთ შიდა ჰაერის წმენდის რეჟიმი
• სახლი დაალაგეთ სველი წესით
ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – წერს კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტო 18 ავტომატური სადგურის საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.
„ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა ქვეყანაში უდაბნოს მტვერის მასების გავრცელებამ. სიტუაცია გაუმჯობესდება შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებისთანავე“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინა არაბიძე.