ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბნის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბანზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის 5 კუბურე მეტრამდე სამასალე მერქანი.
კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, რეგიონული სატყეო სამსახურები სრულადაა აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით. მონიტორინგს, დრონებთან ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებისა და სამხრე კამერების საშუალებითაც ხორციელდება, რაც ტყეზე კონტროლის გაძლიერების საშუალებას იძლევა.