დავით ქართველიშვილი: აშშ-მ ფაქტიურად დაადასტურა, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები არა კიევთან, არამედ: მოსკოვთან, ჩინეთთან, თურქეთთან და საუდის არაბეთთან განიხილება
პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მაიამიში გამართული აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების ძირითად შედეგებზე წერს.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს უკრაინულ მხარეს პირდაპირ განუცხადეს, რომ უკრაინა აღარ არის სტრატეგიული სუბიექტი და ის რისკების მართვის ობიექტია.
ქართველიშვილის განცხადებით, ვაშინგტონმა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები გარდაუვალია, რადგან „ომის დრო” ამოიწურა და ზელენსკი შეუცვლელი არ არის.
„როგორც კი უკრაინულ საკითხებში იწყებ ფაქტების მშრალ კონსტატაციას და ამაში ეყრდნობი აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციას, მაშინვე გადანაშაულებენ “რუსეთუმეობაში” და პრაქტიკულად, ტრამპის გუნდის “წევრობას” გედავებიან. მიუხედავად ამისა, გავიაროთ მაიამიში აშშ-უკრაინის დასრულებული მოლაპარაკებების ძირითადი შედეგები.
აშშ, რა თქმა უნდა, კვლავ ადასტურებს უკრაინის პოლიტიკურ, მაგრამ არა ავტომატურ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას. ეს მოლაპარაკებები მოიცავდა: გასატარებელ რეფორმებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს, შემდგომი დახმარების პირობებს და უკრაინის მომზადებას „მოგვარების ახალი ფაზისთვის”.
როგორც აქამდეც ვივარაუდეთ, შეიცვალა მოლაპარაკებების ტონი და შეხვედრა დაემსგავსა უფრო აუდიტის ჩატარებას, თავისი აღრიცხვით, ვადებით და პირობებით. უკრაინას პირდაპირ განუცხადეს, რომ ის აღარ არის სტრატეგიული სუბიექტი – ის რისკების მართვის ობიექტია. ვაშინგტონმა ნათლად განაცხადა: არჩევნები გარდაუვალია, „ომის დრო” ამოიწურა, ხოლო ზელენსკი – შეუცვლელი არ არის.
აშშ-მ ფაქტიურად დაადასტურა, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები არა კიევთან, არამედ: მოსკოვთან, ჩინეთთან (როგორც კონფლიქტის გაყინვის გარანტთან), თურქეთთან და საუდის არაბეთთან (როგორც შუამავლებთან) განიხილება. მაიამის მოლაპარაკებები არ შეეხო იმას, თუ „რა უნდა გაკეთდეს”, არამედ იმას – „როგორ ავუხსნათ უკრაინას ის, რაც უკვე გადაწყდა”.
ამ გადაწყვეტილებაში, აშშ აღარ ეყრდნობა უკრაინის მთავრობის მონოლითურ ბუნებას, არამედ იკვლევს ალტერნატიულ მმართველ ფიგურებს, დროებითი ძალაუფლების კონფიგურაციებს, დაინტერესებას (მაგალითად) რადას სპიკერით, უსაფრთხოების ძალებით, ოპოზიციის ნაწილით, რეგიონული ელიტებით.
ამავდროულად, აშშ აგრძელებს დოკუმენტურად დადგენას, თუ სად წავიდა უკრაინისთვის გამოყოფილი ათობით მილიარდი და ამით, მომავლის პასუხისმგებლობა თავად უკრაინაზე გადაიტანოს, თუმცა ამავდროულად, გარდაუვალი სასამართლო პროცესების, სკანდალებისა და გამოძიებების მინიმუმამდე დაყვანას.
მოლაპარაკებების შედეგად, აშშ დათანხმდა კონფლიქტის „ხანგრძლივ გაყინვას” უკრაინაში ჩასატარებელ არჩევნებამდე ფორმალური სამშვიდობო ხელშეკრულების გარეშე. უკრაინას შესთავაზებენ ან „კორეული სცენარის” მიღებას, ან ის მხარდაჭერის მკვეთრი შემცირების წინაშე აღმოჩნდება. დასრულდა თუ არა შეხვედრა, პუტინთან მისი შედეგების განსახილველად მოსკოვში სტივ უიტკოფი გაემგზავრა – დაველოდოთ,” – წერს დავით ქართველიშვილი.