შალვა პაპუაშვილი: სამართლებრივი ბრძოლების მოგება ომის მოგების განუყოფელი ნაწილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჰააგაში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპის დასრულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც პაპუაშვილი წერს, სამართლებრივი ბრძოლების მოგება ომის მოგების განუყოფელი ნაწილია.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაასრულა 2008 წლის ომის გამოძიების ეტაპი. გამოძიების შედეგები ადასტურებს, რომ რუსეთმა და მისმა საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინა ომის დანაშაულები (უკანონო პატიმრობა, წამება, არასათანადო მოპყრობა, მძევლად აყვანა და სხვა).

პროკურორი ასკვნის, რომ „ეს დანაშაულები წარმოადგენს გამოვლინებას ისეთი უფრო მასშტაბური და ფართოდ გავრცელებული დანაშაულების, როგორებიც იყო ქართული სოფლების და სახლების ძარცვა და განადგურება, აგრეთვე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთლიანი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა“.

აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი სამხედროები იცავდნენ ომის კანონებს და შესაბამისად, ისინი არ იქნებიან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შემდგომი შესწავლის საგანი.

თითოეული ომის დანაშაულის იდენტიფიცირება და აღრიცხვა მნიშვნელოვანია. ეს არის ის ღირებული ქართული გამოცდილება და გაკვეთილი, რაც 2022 აპრილში კიევში ყოფნის დროს ჩემს უკრაინელ კოლეგას რუსლან სტეფანჩუკს გავუზიარე.

სამართლებრივი ბრძოლების მოგება ომის მოგების განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ქართული მხარის ძალისხმევა წვლილს შეიტანს სამართლიანობის აღდგენასა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაში“, – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები