მამუკა მდინარაძე: არსებობს ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ რუსული ინტერესის გატარებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნული ინტერესების გატარებაზე, ამის შესახებ ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ქმედითად, სამართლებრივად მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ იმ ნარატივს, რასაც ეროვნული ინტერესების გატარება, რასაც ქართული საქმის კეთება, რასაც ამ ქვეყნის დასავლური ევროპული ინტეგრაცია და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია და რაც არ უნდა დაბრკოლებები შეგვექმნას, როგორი აგენტურაც არ უნდა მოქმედებდეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, როგორ დავალებებსაც არ უნდა იღებდნენ, როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა კადრულობდნენ, როგორ პერფომანსებსაც არ უნდა დგამდნენ, საქართველოს სახელმწიფო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელით გააკეთებს ეროვნულ საქმეს და იზრუნებს კონსტიტუციური დათქმის შესასრულებლად, რომ საქართველო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და არა მხოლოდ ოკუპანტს, არამედ ყველა შიდა თუ გარე მტერს მოუგოს ბრძოლა და ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში საქართველოს გამარჯვებით დასრულდეს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში შეგნებულად თავს იკავებდნენ რეზოლუციის მე-11 პუნქტში მითითებული ფრაზების ამოკითხვისგან და ამბობდნენ, რომ „დამთავრდება გამოძიება ჰააგაში, ჩვენ მივაღწევთ წარმატებას და ამის შემდეგ „ნაცმოძრაობას“ და მის ბელად სააკაშვილს ვამხელთ ბოლომდე და ეს მომენტიც დადგა. მე-11 პუნქტში ვკითხულობთ: „ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ფაქტების დარღვევის გამო, რომელიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა, ისევე როგორც საკუთრების ხელყოფა, კერძოდ განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება, სამოქალაქო ტერიტორიებზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“.

„რა ომის დანაშაულები აღიარეთ და რაზე მოაწერეთ ხელი და რა ჰქვია ამას თუ არა საკუთარი ქვეყნის და სამხედრო ძალების ღალატი, სხვანაირად ამ ჩანაწერის მხარდამჭერი შეფასება არის შეუძლებელი, წარმოუდგენელი და დღემდე ჩვენ ამის გახმოვანებაზე და ხაზგასმაზე შეგნებულად ვიკავებდით თავს. დღეს ამის ხელმომწერი და მხარდამჭერი ადამიანები არიან ვინც ქართულ სახელმწიფოს ვნებენ, რომ თითქოს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია ისეთი ხელისუფლება, რომელიც რაიმეთი მაინც შესაძლოა რუსულ წისქვილზე ასხამდეს წყალს. ადამიანები ადანაშაულებენ ქართულ სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას ამ ყველაფერში, რომლებმაც დღევანდელი წარმატებისთვის ხელი რომ შეეშალათ, სტრასბურგის წარმატებისთვის ხელი რომ შეეშალათ, „ისკანდერის“ ნაწილები, რომლებიც აღმოჩნდა მთავარი ცენტრალური მტკიცებულება ამ გამარჯვებისათვის, დაუმალეს გამოძიებას, და მოძიებულ იქნა მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანის უწყებამ და სხვა უწყებებმა დიდი შრომა გასწიეს საიმისოდ, რომ ეს მთავარი მტკიცებულება ყოფილიყო მოძიებული. არსებობს ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ რუსული ინტერესის გატარებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან და საბედნიეროდ ამ ყველაფერმა მათი რუსული შედეგი ვერ გამოიღო და საქართველომ ამ სამართლებრივ ბრძოლაში გაიმარჯვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები