საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი ევროკომისიის პრეზიდენტის მონაწილეობით ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ხვალ, კოტროჩენის სასახლეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეთანხმებას ხელს მოაწერენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლაე ჩუკა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები