უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, ქვეყნის დასახლებულ პუნქტებში მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა. სროლა ისმოდა ლუგანსკის აეროპორტის ტერიტორიაზეც.
ლუგანსკელი სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინის არმია ლუგანსკს ცეცხლს რაკეტებით უხსნის.
რამდენიმე საათის წინ უკრაინის უშიშროების საბჭომ განცხადება 6 დაკავებული დივერსანტის შესახებ გააკეთა. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილები დივერსიულ აქტებს ამზადებდნენ და ისინი რუსულ სპეცსამსახურებთან იყვნენ დაკავშირებულნი.
მდგომარეობის გართულების გამო, ევროკავშირსა და ნატო-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. პაველ კლიმკინის თქმით, ასეთი დახმარების შემთხვევაში, უკრაინას გაცილებით გაუადვილდება პრორუსულ ძალასთან დაპირისპირება.
საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში დანიშნულ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მიმართა. დღეს გერმანიაში უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს.
ბერლინში ვიზიტამდე კი პეტრო პოროშენკო ფინეთში ჩავიდა და ქვეყნის პირველ პირს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები