პაპუაშვილი – ომბუდსმენობის კანდიდატზე: უნდა მოიძებნოს კანდიდატი, რომელიც მისაღები იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც, თუ ამ განწყობით მიუდგება ყველა, კონსენსუსი შედგება
ოპოზიციის კანდიდატი კი არ უნდა იყოს და გვაიძულონ, რომ დავეთანხმოთ, არამედ უნდა მოიძებნოს კანდიდატი, რომელიც მისაღები იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც – თუ ამ განწყობით მიუდგება ყველა, ომბუდსმენთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გუშინ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მივიღეთ თითქმის ერთხმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ” არ დაუჭირა მხარი, ასევე “სტრატეგია აღმაშენებელმა” და ჩემდა გასაკვირად, “საქართველოსთვის” ჯგუფმაც არ დაუჭირა მხარი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელია. სხვა ყველა პარტიამ ერთხმად დაუჭირა მხარი ცვლილებებს. ეს არის კარგი წინაპირობა თანხმობისკენ სიარულის. იმედი მაქვს, რომ ეს შედგება, მე, ყოველ შემთხვევაში, მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ არის გააზრება ყველა ჯგუფში, განსაკუთრებით, მათ შორის, ოპოზიციის ჯგუფში, რომ რასაც თავიდანვე ვამბობდით, რომ თანაბრად უნდა იყოს ყველასთვის მისაღები კანდიდატი, ახლა ისინიც ასე ფიქრობენ, რომ ეს კი არ უნდა იყოს მათი კანდიდატი და გვაიძულონ რომ ჩვენ დავეთანხმოთ, არამედ უნდა მოიძებნოს კანდიდატი, რომელიც მისაღები იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც. თუ ამ განწყობით მიუდგება ყველა, გარწმუნებთ კონსენსუსი შედგება.
კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ არაფერს მოგახსენებთ, არის განხილვა ფრაქციებს შორის და ფრაქციები ჩამოყალიბდებიან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტი ამ წუთებშიც მსჯელობს სახალხო დამცველობის კანდიდატებზე. საკითხს მაღალი კვორუმი აქვს და ახალი ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო, შესაბამისად, ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ საკითხზე კონსენსუსს უნდა მიაღწიოს.