პაპუაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აბსოლუტურად ვეთანხმები ანგარიშის ავტორის შეფასებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მას, ამით ყველაფერი ნათქვამია

რამდენიმე ადამიანი, მიხეილ სააკაშვილის ლობისტები თავს დაესხნენ ევროპარლამენტის ანგარიშს, დაჩეხეს იმ დონეზე, რომ სვენ მიქსერს მოუწია, მხარი არ დაეჭირა მისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ის, რომ ევროპარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის ავტორმა, სვენ მიქსერმა სანქციების შესახებ შესწორებების წინააღმდეგ მისცა ხმა, ანგარიშის მხარდაჭერისგან კი თავი შეიკავა, ამით ყველაფერი ნათქვამია.

„აბსოლუტურად ვეთანხმები ანგარიშის ავტორის შეფასებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მას. ამით ყველაფერი ნათქვამია. როდესაც ადამიანი თვეების განმავლობაში მუშაობდა ანგარიშზე და მხარს არ უჭერს იმის გამო, რომ ანგარიშს თავს დაესხნენ, დაჩეხეს, ჩადეს სხვადასხვა საკითხი, ბოლოს ავტორს და მის ჯგუფს სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ მხარი არ დაეჭირა და დემარში გამოეცხადებინა ანგარიშისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია ამ ანგარიშზე. ჩვენგანაც კომენტარი აღარ სჭირდება. რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ზაფხულში, როდესაც წინა რეზოლუცია მიიღეს და ამაზე მკაცრი პოზიცია გვქონდა, ეს დადასტურდა. ახლა უკვე ავტორმა დაადასტურა. მთავარი საკითხი აქ არის, ვინ არიან მთავარი ავტორები. არის ანგარიშის ავტორი, რამდენიმე პარლამენტარი ევროპარლამენტში, რომელიც არის სააკაშვილის მეგობრობის ჯგუფის წევრი, ვიცით, უკვე ყველამ სახელებითა და სახეებით. ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც უნდა ვაკვირდებოდეთ. ევროპარლამენტი ჯგუფების მიხედვით როგორ აძლევს ხმას, თქვენ ფიქრობთ, რომ იმ 400 ადამიანს წაკითხული აქვს ეს რეზოლუცია? რა თქმა უნდა, არა. მთავარია, ავტორმაც და მისმა ჯგუფმა პროტესტი გამოუცხადეს ამ ანგარიშს.

ყოველგვარი ზედმეტი ანალიზის გარეშე, ხელისგულზე დევს, რომ ამ შესწორებების უკან დგას ლობიზმი. ამაზე ყველა ვთანხმდებით. ჩვენი თვალით ვიხილეთ პროცესი, რა არის ლობისტური ზემოქმედების მავნე გავლენა ევროპარლამენტში. არის ადამიანი, რომელიც შინაარსობრივად მუშაობს ანგარიშზე, ჩამოსული იყო აქ რამდენჯერმე, ხვდებოდა სხვადასხვა პარტიას, მოამზადა ანგარიში. რამდენიმე ადამიანი, ლობისტური ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის ლობისტები თავს დაესხნენ ამ ანგარიშს, დაჩეხეს იმ დონეზე, რომ ადამიანს მოუწია, ხმა არ მიეცა მისთვის. ეს არის კლასიკური მაგალითი ლობისტური საქმიანობის მავნე გავლენისა პოლიტიკაზე. დავინახეთ, რა არის ლობიზმის ჭარბი გავლენა ევროპულ პოლიტიკაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც, რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა. ანგარიშს მხარი დაუჭრა 430-მა ევროპარლამენტარმა, 126-მა – თავი შეიკავა, 52 კი – წინააღმდეგი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები