დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თემატურ მოკვლევას აგრძელებს

ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ თემატურ მოკვლევას აგრძელებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი.

პარლამენტის ინფორმაციით, დღეს კომიტეტში შეხვედრა საჯარო სექტორთან გაიმართა.

„ჩვენი მიზანია მოვუსმინოთ კერძო და საჯარო სექტორებს, რა გამოწვევები არსებობს ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, როგორ შეიძლება ეს გამოწვევები შესაძლებლობად ვაქციოთ, გავარკვიოთ სად შეიძლება, რომ ერთობლივი კოორდინაციით გავუმკლავდეთ პრობლემებს და წინ წავწიოთ პროცესი”- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ კერძო სექტორს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს ეროვნული ბანკის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” , კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და სხვა სახელმწიფო/საჯარო უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები და შეხედულებები წარმოადგინეს მოკვლევის ფარგლებში მათთან დაგზავნილი კითხვარის თაობაზე. გამოთქმული მოსაზრებების და კითხვარების დამუშავების შედეგად მოკვლევის ჯგუფი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელიც შესასრულებლად შესაბამის უწყებებს დაეგზავნებათ. თემატური მოკვლევა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები