სურსათის ეროვნულ სააგენტოში საცალო ვაჭრობისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში საცალო ვაჭრობისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის 1-ლი ივნისიდან HACCP-ის სტანდარტი სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის სავალდებულო ხდება.

სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნეს ოპერატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სისტემის მნიშვნელობასა და მისი დანერგვის არსებულ პრაქტიკაზე და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ახალი რეგულაციის ეფექტიანად დანერგვისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს ბიზნესსექტორთან და საინფორმაციო შეხვედრებს სისტემატურად გამართავს.

აღსანიშნავია, რომ საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა – HACCP ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებს წინასწარ აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP). სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი სურსათი, შეამციროს მომხმარებლებში სურსათისმიერი დაავადებების შემთხვევები, რაც აამაღლებს მისი ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და გაზრდის მომხმარებლის ნდობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები