პროფესიული განათლების ხელშეწყობის კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება შალვა პაპუაშვილმა მიულოცა
„საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროფესიულ განვითარებას. გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვიქნებით თქვენი გულშემატკივარი” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის გამართულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე.
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო” 2017 წლიდან ათასწლეულის ფონდის ინიციატივით ტარდება და მიზნად ისახავს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. წელს გამარჯვებულები 5 ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ. შალვა პაპუაშვილმა გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროფესიულ განვითარებას და პროფესიული განათლების საფეხურის არჩევა დღევანდელ სამყაროში სწორი და პრაგმატული არჩევანია „პარლამენტის სახელით გიდასტურებთ, რომ ჩვენ, აუცილებლად ვიქნებით თქვენი გულშემატკივარი,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„სწორედ 1861 წლის 15 დეკემბერს გამოიცა „გუთნისდედა”, პირველი პროფესიული პერიოდული გამოცემა, რომელიც განსაზღვრული იყო სოფლის მეურნეობაში ცოდნის გავრცელებისთვის, რითაც სიმბოლური და მნიშვნელოვანია დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი. მაშინდელმა მოწინავე საზოგადოებამ ჩათვალა საჭიროდ, რომ გაევრცელებინა პროფესიული ცოდნა. ვფიქრობ, ამის კარგი გაგრძელებაა ის, რაც ხდება დღეს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ღონისძიების სახით. მინდა ეს ხიდი შეიკრას, გადავხედოთ წარსულს და რაც გვაქვს დანატოვარი, ამაზე დაფუძნებით, გავაგრძელოთ ჩვენი წინსვლა.” შალვა პაპუაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტს, პროფესიული განათლების ხელშეწყობის კუთხით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის სპეციალურ კატეგორიაში – „ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა” გამარჯვებულ პროფესიულ კოლეჯს „მოდუსი” სიმბოლური პრიზი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა გადასცა.
„იზრდება მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა პროფესიულ განათლებაში, როგორც შშმ ასევე სსმ პირების, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სეგმენტის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს მიმართულება და დავაწესეთ სპეციალური პრიზი ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშესაწყობად. ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამა, რომელმაც მიიღო საუკეთესო ინკლუზიური პრაქტიკისთვის ჩვენი ჯილდო, მორგებულია ქსელური აკადემიის ცისკოს პლატფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს სსმ და შშმ პირებისთვის მაქსიმალური ცოდნის მიცემას. შესაძლებელია მათთვის სასწავლო რესურსებზე წვდომა და დამოუკიდებლად პრაქტიკული დავალებების ნაწილის ვირტუალურად შესრულებაც”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსს 2017 წლიდან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უჭერს მხარს.