“მოვუწოდე მათ, შეწყვიტონ შიმშილობა, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას” – შალვა პაპუაშვილი მოშიმშილე დეპუტატებს შეხვდა

შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება, ამიტომ, მოვუწოდე მათ, შეწყვიტონ შიმშილობა, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაცმოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორ პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ, იშიმშილონ, ასევე მნიშვნელოვანია, ითანამშრომლონ პარლამენტის აპარატთან და ამ მხრივ პარლამენტში იყოს სიმშვიდე.

„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, არის მიუღებელი. პირიქით, ასეთი საქციელი, საბოლოო ჯამში, ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან ან ექიმებთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა დაიწყეს. დღეს მათ პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები