მიუზიკლ  „საშობაო სიმღერის” პრემიერა გაიმართება

16 დეკემბერს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ჩარლზ დიკენსის ცნობილი ზღაპრის მიხედვით, მიუზიკლ  „საშობაო სიმღერის” პრემიერა გაიმართება.
როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს იქნება მუსიკალური ფანტაზია, მსოფლიოს პოპულარული საშობაო სიმღერების მოტივებზე.
მიუზიკლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია: ლევან გვაზავა; მხატვარი: ნინო კიტია;
ქორეოგრაფი: დათო მეტრეველი;  მუსიკალური გაფორმება: ლევან გვაზავა.
„სპექტაკლი მოგვითხრობს მთავარი გმირის ებენიზერ სკრუჯის შესახებ, რომელიც 1834 წელს ცხოვრობდა ლონდონში, იგი ძუნწი და დაუნდობელი გახლდათ, მას სძულდა დღესასწაულები და განსაკუთრებით შობა. მასში ნათლადაა ასახული, თუ როგორ შეცვალა იგი ერთ ღამეში, როგორ ეზიარა იგი შობის საიდუმლოებას, როგორ იმოქმედა მასზე აწმყოს, წარსულისა და მომავლის სულების გამოცხადებამ და როგორ გაკეთილშობილდა იგი.
ეს ტრაგიკომიკური ზღაპარი მაყურებელს ყურადღებას უმახვილებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: რწმენა, სიყვარული, უანგარო კეთილშობილება, ოჯახის სიყვარული, მეგობრობა, თავგანწირვა და სხვა
სპექტაკლი წარმოადგენს საბავშვო მიუზიკლს და გადმოცემულია ბავშვებისთვის (და არა მარტო) გასაგებ მუსიკალურ ენაზე.
პიესის ჟანრიდან გამომდინარე, მასალა იძლევა ფაქტობრივად უსაზღვრო დიაპაზონს გამომსახველობითი ხერხებისა. მასში შევა როგორც ვოკალურ- ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე – სასცენო მოძრაობა.
ასევე იგი გაჯერებულია როგორც დრამატული, ასევე კომიკური სცენებით.
სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაიწერა რამდენიმე ქართული მუსიკალური ნაწარმოები,
პირველად ითარგმნა მსოფლიოს პოპულარული საშობაო სიმღერები ქართულ ენაზე, დაიწერა არანჟირებები.
ხმის ჩამწერ სტუდიაში იწერება ამ სპექტაკლისათვის განკუთვნილი მუსიკალური და ვოკალური პარტიები შესულია 15-მდე მუსიკალური საშობაო კომპოზიცია
მასში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი მსახიობები, ასევე – ბავშვებისგან შექმნილი ვოკალურ- ქორეოგრაფიული გუნდი. კერძოდ, ათი ბავშვი და თვრამეტი მსახიობი.
პროექტის მთავარი მიზანია თითოეულ ჩვენგანს და მაყურებელს ყურადღება გავუმახვილოთ საბავშვო მიუზიკლის – არსსა და მის განვითარების აუცილებლობაზე საქართველოში და ვაზიაროთ იმ ჟანრს, რომელიც „ბროდვეისეული“ მიუზიკლის მანერით იქნება გადმოცემული პატარა მაყურებლისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში..
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები