ლაშა ხუციშვილი: ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის 7900 დოლარს გადააჭარბებს
საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.
მისი თქმით, 2023 წლისთვის ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები არ შეცვლილა და თითოეული მათგანი 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 79,7 მლრდ ლარს შეადგენს.
„მომდევნო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5 პროცენტზეა შენარჩუნებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3 პროცენტია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის იზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე – არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი 7900 დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის – 10 000 დოლარს გადააჭარბებს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.
„2023 წელს, საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება და მისი საშუალო მაჩვენებელი პროგნოზირებულია 5,3 პროცენტის დონეზე, თუმცა წლის ბოლოსთვის 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.