“ირანს სურს, სამხრეთ კავკასიაში, როგორც სრულფასოვანი ინტერესების მქონე მეზობელი, დაბრუნდეს” – ზაალ კასრელიშვილი

“ირანს სურს, სამხრეთ კავკასიაში, როგორც სრულფასოვანი ინტერესების მქონე მეზობელი, დაბრუნდეს”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილმა აზერბაიჯანსა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

“ირანის სულიერმა ლიდერმა სურვილი გამოთქვა, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ჯარი ჩააყენოს, რასაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველთვის აზერბაიჯანის მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს, გნებავთ აზერბაიჯანში, გნებავთ მის ფარგლებს გარეთ. ეს იმ აზერბაიჯანელებისთვის, რომლებიც ირანში ცხოვრობენ, პირდაპირი გზავნილი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ ირანში 30 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ორი დიდი ოლქი, ორი დიდი ქალაქი აქვთ. განსაკუთრებით – ბოლო წლების მანძილზე ირანში, ამ ოლქებში სახელმწიფო დაწესებულებებში საქმის წარმოებას საკუთარ ენაზე ითხოვენ. სავსებით ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა: რატომ ახლა? აქამდე ირანი სამხრეთ კავკასიისადმი თავის ინტერესებს რატომ არ ამჟღავნებდა? საქმე ისაა, რომ ირანის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს კავკასიაში ყოველთვის საბჭოთა კავშირი, შემდეგ კი რუსეთი უზრუნველყოფდა. რუსეთი ომშიᲐ, დასუსტებულია. ირანს სურს, სამხრეთ კავკასიაში, როგორც სრულფასოვანი ინტერესების მქონე მეზობელი, დაბრუნდეს. ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის დროს ირანის ნავთობი და გაზი საქართველოში სომხეთის გავლით შემოდიოდა სწორედ იმ ზანგეზურის დერეფნის გავლით, რომლის გამოც ახლა სომხები და აზერბაიჯანელები სამკვდრო- სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულები. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ირანელები რუსეთმა წააქეზა. შეიძლება, რაღაც გარკვეული ტიპის შეთანხმება იყო. ჩვენი ღრმა რწმენით, ირანს უნდა, თავისი ენერგომატარებლები იმ პროცესებს შეუერთოს, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით გაივლის, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთისკენ და შემდეგ ევროპისკენ.
რაც შეეხება აზერბაიჯანს: აზერბაიჯანს რეალური ბერკეტი აქვს ხელში იმისათვის, რომ ირანის ტერიტორიაზე მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას თვითგამორკვევის საკითხებში მხარი დაუჭიროს. ძალიან მძიმე პროცესია, ძალიან ძნელი იქნება. ურთულესი ამბავია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ირანის სულიერი და პოლიტიკური ხელმძღვანელობა არცერთ კანონს არ ემორჩილება, მათ შორის, არც რელიგიურებს. აზერბაიჯანს სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი ჰყავს, რომელსაც შეუძლია, პროცესები გაამწვავოს კიდეც და გაანეიტრალოს კიდეც. ჯერჯერობით, საქმე აქამდე არ მიდის. ვფიქრობთ, ერთმანეთს კბილი მოუსინჯეს. ირანს გარდა იმისა, რომ უნდა, ეკონომიკურ პროცესებში ჩაერთოს და სანქციებიდან გამოვიდეს, ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესები აღელვებს. იცით რაც ხდება: საპროტესტო აქციები, ხალხის დახვრეტები, ჩამოხრჩობები. უნდა ამ პროცესებიდან მოსახლეობის ყურადღება გარე საფრთხეებზე გადაიტანოს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში საფრთხის შემცველია, დენთის კასრია, ისევე როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის დაკონსერვებული კონფლიქტები, ისევე როგორც აფხაზეთის და ცხინვალის დაკონსერვებული კონფლიქტები. მაგრამ, როგორც ადრე მოგახსენეთ, ამ პროცესების მოგვარებაში ახლა დასავლეთიც და აღმოსავლეთიც ინტენსიურად ჩაერთვებიან. ეს მარტო ჩვენი პრობლემა აღარაა. როგორც ეკონომიკის დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვა, ენერგომატარებლების რაოდენობა, რამაც საქართველოზე უნდა გაიაროს ჯერ თურქეთისკენ, შემდეგ კი – ევროპისკენ მინიმუმ 6- ჯერ გაიზრდება. ირანის და აზერბაიჯანის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმ ომით, რაც უკრაინასა და რუსეთს შორისაა, იმ წარუმატებლობებით, რაც რუსეთის სამხედრო მანქანამ განიცადა”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

კასრელიშვილმა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინას ფიზიკურად, ინფრასტრუქტურულად ანადგურებს, მაგრამ ცოცხალი ძალით წინ ვერ მიიწევს.

“უკრაინაში დღევანდელი ვითარება ზოგადად რომ შევაფასოთ, გარდამავალი უპირატესობითაა. ზამთარია და, როგორც ჩანს, რუსეთი ახალი ტერიტორიების დაპყრობას რუსეთი, არსებული პოზიციები უნდა შეინარჩუნოს. ამ მიზნით ცდილობს, სტრატეგიული წერტილები, სიმაღლეები აიღოს, მაგალითად, როგორიცაა ბახმუტი. ყველა ტიპის ტექნიკას იყენებს. უკრაინას ფიზიკურად, ინფრასტრუქტურულად ანადგურებს, მაგრამ ცოცხალი ძალით წინ ვერ მიიწევს. როგორც ჩანს, მთელი ძალების მობილიზაციას დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით გააკეთებს. მთელ რესურსს იქ გამოიყენებს, რათა რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს, შემდეგ ყირიმივით, აფხაზეთივით და ცხინვალივით დასავლეთთან სავაჭრო თემები რომ ჰქონდეს. რუსეთი ყველა ტიპის იარაღს იყენებს, მაგრამ, როგორც ჩანს, თავის სამხედრო მოქმედებებით მაინც უკმაყოფილოა. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე უკვე რამდენჯერმე ღიად ალაპარაკდა, აკონკრეტებენ მცირე ზომის ქობინებს და წერტილოვან დარტყმებს. შეგვიძლია, ის პროგნოზი გავიმეოროთ, რაც გაკეთებული გვქონდა: რუსეთი დონეცკის და ლუგანსკის ასაღებად მთელ ძალებს გადაისვრის. თუ დასავლეთის მხრიდან ადეკვატურ წინააღმდეგობას წააწყდა, მცირემუხტიანი ქობინებით წერტილოვან დარტყმებს განახორციელებს იმისთვის, რომ ცოცხალი ძალით წინ გადაადგილდეს. საარტილიერიო და სარაკეტო დარტყმების შემდეგ როცა მიხვდება, რომ უკრაინელი მებრძოლები ვერ გატეხა და ვერ აიძულა, უკან დაეხიათ, აუცილებლად ქიმიას იხმარს. ეს მის პრაქტიკაშია. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში რუსეთს ნატო-სთან დაპირისპირება მოუწევს. ეს კარგი ამბავი არაა. ნატო-ს აქვს იმის ძალა, რომ რუსეთს დაუპირისპირდეს. როდესაც ნატო-ს გენერალური მდივანი ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ ნატო-ს და რუსეთს შორის დაპირისპირება მოხდება და როდესაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მისი პრესმდივნის მეშვეობით განცხადებას აკეთებს, რომ ნატო-ს და რუსეთს შორის ურთიერთობა უკვე მაქსიმალურად დაძაბულია, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დაპირისპირება მარტო უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნება. ეს იქნება პროცესი, რომელიც ყველა ქვეყანას შეეხება, სადაც რუსეთის სამხედრო, ან პოლიტიკური ინტერესებია”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები