ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხვალ ოპონენტებთან შეხვედრას გამართავენ.
როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი გუნდი ოპოზიციას თავიანთ პოზიციას გააცნობენ.
„ჩვენ ხვალ შეხვედრა გვექნება ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით. სხვა საკითხებთან შედარებით, ყველაზე დიდი დრო ამ მიმართულებას დაეთმო, თუმცა დღეს გარკვეულ პოზიციას არ გავახმოვანებ, რადგან არ გვინდა, რომ ჩვენმა კოლეგებმა, რომლებთანაც საუბარი გვაქვს ხოლმე ამ საკითხებთან დაკავშირებით, მედიის საშუალებით გაიგონ. ხვალ გვექნება შეხვედრა, ჩვენ მათ უმრავლესობის პოზიციას გავაცნობთ. ამის შემდეგ უკვე გავახმოვანებთ იმ პოზიციას, რომელიც დღეს იქნა უმრავლესობის სხდომაზე შეჯერებული იმისათვის, რომ ვერსიის სახით მიეწოდოს ჩვენს ოპონენტებს, რომ რამენაირად შევძლოთ ომბუდსმენის საკითხზე შეთანხმება. ხვალ გარკვეული პოზიციები გამოიკვეთება და შემდეგ მოგახსენებთ ამის შესახებ.
უმრავლესობა გარკვეულ პოზიციას დააფიქსირებს. მე და მიხეილ სარჯველაძე შევხვდებით ჩვენს ოპონენტებს ხვალ, გავაცნობთ უმრავლესობის პოზიციას. უმრავლესობის ერთი სხდომა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ეს პოზიცია შეგვეთავაზებინა. იყო მცდელობა, არსებული ოპოზიციის პოზიციით ჩვენ იქნებ გადაგვედგა ნაბიჯი კონსენსუსისკენ და მსგავსი კონტურები შეიძლება, იყოს გამოკვეთილი, თუმცა მინიშნებასაც არ ვაკეთებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.