“რუსეთი თვეში, დაახლოებით, 40 ახალ რაკეტას აწარმოებს” – უკრაინის დაზვერვა

უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრიდან, რუსეთმა 240 ფრთოსანი რაკეტა – X-101 და, დაახლოებით, 120 “კალიბრის” საზღვაო რაკეტა აწარმოა, ანუ რუსული სამხედრო ინდუსტრია თვეში, დაახლოებით, 40 რაკეტას აწარმოებს, რომლებითაც ოქტომბრის დასაწყისიდან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავენ.

ამის შესახებ New York Times-ს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დირექტორის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ განუცხადა.

“ჩვენი გათვლებით, მათ აქვთ დარჩენილი რაკეტების რაოდენობა, რომელიც სამიდან ხუთ იერიშს ეყოფა. ეს იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ ტალღაში 80-90 რაკეტას დახარჯავენ”, – თქვა მან.

მისი თქმით, ზოგიერთ თავდასხმის დროს ნაკლები რაკეტა იყო გამოყენებული, მაგალითად, ერთი კვირის წინ, დაახლოებით, 70 რაკეტა დაიხარჯა.

რუსეთს რაკეტების მარაგის ან წარმოების მოცულობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ბოლო თვეების განმავლობაში, ანალიტიკოსებმა კონსენსუსს მიაღწიეს, რომ ომამდელი შეფასებები შემცირებული იყო.

თუმცა, ექსპერტთა უმეტესობა მაინც მიიჩნევს, რომ ამ საბრძოლო მასალის წარმოების ტემპი მათ მოხმარებას არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები