ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი, ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ, ქვეყნის შიდა პროდუქტი გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით ბოლო 2-3 წელიწადში, გაისად მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 80 მილიარდი ლარი
ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი. ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. რაც მთავარია, ქვეყნის შიდა პროდუქტი, GDP, გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით ბოლო 2-3 წელიწადში. გაისად მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 80 მილიარდი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება და მეტი აქტიური მუშაობა შემდეგი წლიდან.
,,ტურიზმის მიმართულებით ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე გითხარით რომ 200 მილიონი გამოიყოფა ამ ეტაპზე, გვინდა 8-10 ლოკაცია შევარჩიეთ, შემდეგი პრინციპით – ყველაზე მეტად მოთხოვნადი და პოპულარული ადგილები – ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, ბათუმი, თბილისი და ა. შ. გვინდა, რომ დავიწყოთ სრული ურბანული განახლების და რეაბილიტაციის პროექტები. ამას წყალტუბოშიც ვგეგმავთ და დეტალურ გეგმას რამდენიმე ხანში წარმოგიდგენთ. წარმოების მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები, გრძელდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკების მოგება არის ძალიან გაზრდილი. 2 მილიარდი ლარის მოგება აქვთ ბანკებს, წელს ექნებათ 2 მილიარდი დაახლოებით, ამდენივე ჰქონდათ გასულ წელს, ამიტომ, ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს ფული მიემართოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გასავითარებლად. დამატებით ეს ყველაფერი დაბუსტავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. გრძელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, გზების, მაგისტრალების მშენებლობა, სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ, ასევე სოფლის მეურნეობაში.
მთლიანობაში ჩვენ ველოდებით სერიოზულ პროგრესს. უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. შარშან მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამან მოგვცა რამდენიმე მილიარდი ლარის შემოსავალი დამატებით, რითაც ხელფასები გავზარდეთ, პენსიები გაიზარდა, მიმდინარეობს პროექტების დაფინანსება. დევნილების სახლები იქნება თუ პოლიციისა და ჯარის ქალაქის მშენებლობა, ისევე, როგორც სკოლების მშენებლობა. 800 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს, ასევე ბაღების რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ.
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნებით. ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი. ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. რაც მთავარია, ქვეყნის შიდა პროდუქტი, GDP, გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით ბოლო 2-3 წელიწადში. გაისად მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 80 მილიარდი ლარი. პერ კაპიტა გამოდის თითქმის 7500 დოლარი, 7500 დოლარი იქნება ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. ასე, რომ ეს სერიოზული პროგრესია. კიდევ ვიმეორებ, არავის ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ. ომის და სიკვდილის პარტიამ, ასე ვუწოდებ მე მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზედიზედ ორი წელია და ის პროგრესი, რაზეც მე ვისაუბრე. მოკლედ, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება, მეტი აქტიური მუშაობა გჭირდება ახალი წლიდან. მინისტრები ყველანი ვართ მოტივირებული, რომ ყველა ეს პროექტი და დაპირება უნდა შესრულდეს და იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე დავპირდით ხალხს “, – განაცხადა პრემიერმა.