ირაკლი ღარიბაშვილი: თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას
თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო და სიახლეები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგო ტერმინალებით, ბიზნესავიაციით, გვინდა – მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ, ჯამურად, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ქუთაისში ჩვენ გვაქვს ასევე დამატებითი ხედვა, შეიძლება, დამატებით კარგოს მიმართულება განვითარდეს და, ჯამურად, სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა”, – განაცხადა პრემიერმა.