შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას
“პირდაპირი მოწოდებები, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, არის სასამართლოზე ზეწოლა. ყველას მოვუწოდებ, ასეთი ზეწოლებისგან თავი შეიკავონ. თუ ვინმე მიუთითებს სასამართლოს, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ეს არის სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ნაწილის მოწოდებებს ეხებოდა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ სამართლებრივ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
„რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით პროცედურა მიმდინარეობს სასამართლოში და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გარედან ჩარევისგან თავი უნდა შევიკავოთ. სახელმწიფოს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ სამართლებრივ პრინციპებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოში ამაზე პასუხს გასცემს სასამართლო და ყველამ ამ გადაწყვეტილებას უნდა სცეს პატივი. როდესაც არის პირდაპირი მოწოდებები, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, ესაა სასამართლოზე ზეწოლა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ასეთი ზეწოლებისგან თავი შეიკავონ. თუ ვინმე მიუთითებს სასამართლოს, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ეს არის სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.