“როცა ოჯახში ძალადობის შედეგად ფატალური შედეგია დამდგარი, სასჯელის ზომა გამკაცრებული უნდა იყოს”- “ტექნიკური უნივერსიტეტის“ პროფესორებმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ პროფესორებმა  საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს, რომელიც ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, სოფიო დემეტრაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ოჯახური ძალადობა მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად უნდა ჩამოყალიბდეს.

“მოგეხსენებათ, ოჯახში ძალადობა რამხელა პრობლემას წარმოადგენს. “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი გაბისონიამ ამავე უნივერსიტეტის პროფესორებს, კახაბერ ძაგანიას, მარიამ ჯიქიას და მე საკანონმდებლო წინადადების შემუშავება გვთხოვა. წინადადება ოჯახში ძალადობას შეეხება.

ჩვენ საკანონმდებლო წინადადება შევიმუშავეთ და საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ. წინადადება ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილი ოჯახში ძალადობის, როგორც დამამძიმებელ გარემოებად ჩამოყალიბებას შეეხება – როცა ოჯახში ძალადობის შედეგად სიკვდილის სახით ფატალური შედეგია დამდგარი, სასჯელის ზომა გამკაცრებული უნდა იყოს.

საკანონმდებლო წინადადების მეორე ნაწილი დამცავ და შემაკავებელ ორდერებს შეეხება. მოგეხსენებათ, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლი საპატრულო პოლიციას მიმართავს და შემაკავებელი ორდერის გაცემა პოლიციის მიერ ხდება, ხოლო სასამართლოსთვის მიმართვიანობის შემთხვევაში დამცავი ორდერების გაიცემა. ამასთან, აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტროსამაჯურების შემოღების პრაქტიკა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, დამცავ და შემაკავებელ ორდერებს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენი მოსაზრებით, მხოლოდ ამ ორდერების არსებობა საკმარის ქმედით ბერკეტს არ წარმოადგენს. ამიტომაც, საკანონმდებლო წინადადება შევიმუშავეთ, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ორდერების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების მიერ ასეთი ოჯახების გადაკონტროლება უნდა მოხდეს, კვირაში ერთხელ იქნება ეს თუ ათ დღეში ერთხელ, რათა ეს ორდერები უფრო ქმედითი ბერკეტი იყოს.
ჩვენს შემთხვევაში ვივარაუდეთ, რომ ასეთი უწყება საპატრულო პოლიცია იქნება”, – განაცხადა სოფიო დემეტრაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები