პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების რეალიზებისა და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებისთვის პარლამენტმა ახალი კანონპროექტი შეიმუშავა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონპროექტი მოამზადა, რომლის შესახებ დეპუტატებმა დღეს კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი ინსტიტუტები და ცნებები. კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატური, ნახევრად ავტომატური და არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებას არეგულირებს.
გათვალისწინებულია მართლმსაჯულებისა და საკონსტიტუციო კონტროლის მიზნებისათვის და მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული სპეციალური დათქმები. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და მონაცემთა სუბიექტისთვის ღირსების შეულახავად. მონაცემები უნდა შეგროვდეს ან მოპოვებულ იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. ისინი უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.
მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი. დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები დაუყოვნებლივ უნდა წაიშალოს ან განადგურდეს. მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი და ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება ვიდეოთვალთვალისა და აუდიომონიტორინგის, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების წესებს.
კანონპროექტით ევროკავშირის რეგულაციის გათვალისწინებით დგინდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსებული საკანონმდებლო ბაზის განვითარების ტენდენციებისა და მიმდინარე გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელია ისეთი ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც ერთი მხრივ, სრულად გაითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს გამჭვირვალე და მწყობრი სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების რეალიზაციასა და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.