თემურ ჯანაშია: თანხები პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემოდა

მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი ეხმაურება. უწყების მიერ გამოქვეყნებული მასალების შესახებ ინფორმაცია, თემურ ჯანაშიამ „კვირასგან“ შეიტყო.
„მასალებს არ გავცნობივარ. წარმოდგენა არ მაქვს, რა დოკუმენტაცია გამოაქვეყნა პროკურატურამ“, – აღნიშნა თემურ ჯანაშიამ. როგორც მან „კვირას“ განუცხადა, თანხები ბიუჯეტიდან  მისი სამსახურის მიერ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გაიცემოდა.
„ყველა ხარჯთაღრიცხვას თან ერთვის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება, შესაბამისად თანხები პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გაიცემოდა. მე ველოდები სასამართლოს, სადაც შემეძლება თავი გავიმართლო“ – აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ჯანაშიას ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ჯანაშიამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი გაფლანგა. საქმეში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაც იკვეთება. პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვა ასევე დადასტურებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები