კიევის მაცხოვრებლებს ქალაქის შეძლებისდაგვარად დატოვებისკენ მოუწოდეს
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ქალაქის მაცხოვრებლებს მოუწოდა, გათბობისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების გამო, დედაქალაქი დატოვონ.
“დედაქალაქის იმ მაცხოვრებლებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოვუწოდებ, დროებით დატოვონ ქალაქი, სადაც ელექტროენერგიისა და სითბოს ალტერნატიული წყაროებია“, – დაწერა მან თავის Telegram არხზე.
კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის საცხოვრებელი კორპუსების ნახევარი გათბობის გარეშე დარჩა.
„კიევის საცხოვრებელი კორპუსების ნახევარი, თითქმის 6000, ამჟამად გათბობის გარეშეა, დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო. ქალაქში ასევე არის წყალმომარაგების შეფერხებები“, – წერს მერი.
მანამდე, კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქალაქის მეტროს წითელ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეიზღუდა. მოგვიანებით, ენერგოჰოლდინგმა DTEK-მა განაცხადა, რომ კიევის სამ რაიონში, რომლებიც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებოდ გაითიშა.
დღეს მთელ უკრაინაში საჰაერო თავდასხმის სირენა ამოქმედდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევსა და ლვოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა.