ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლების წიგნების წარდგენა გაიმართა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლების: გოდერძი ნარიმანიშვილის, მარინე კვაჭაძის, ნინო შანშაშვილის და დიმიტრი ნარიმანიშვილის სამი წიგნის: „საქართველოს მეგალითური ძეგლები”, „თრიალეთის არქეოლოგიური ძეგლები” და “The Megalithic Monuments of Georgia” – პრეზენტაცია.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, წარმოდგენილი წიგნები ეხება საქართველოს ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლებს და განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ისე უძველესი ისტორიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის. განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული ყველა ტიპის მეგალითური ძეგლი, ასევე, გამოთქმულია მოსაზრებები მათი ადგილის შესახებ მსოფლიო მეგალითური კულტურების გვერდით.
„ნაშრომში „თრიალეთის არქეოლოგიური ძეგლები” განხილულია სოფელ ავრანლოში (თეზი) მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ბ. კუფტინის და მე-20 საუკუნის დასაწყისში ავტორების მიერ გათხრილი, ძვ.წ. 8-7 სს-ით დათარიღებული სამარხები.
ნაშრომი „საქართველოს მეგალითური ძეგლები” შედგება ოთხი თავისგან (მეგალითების მითიური მშენებლები მეგალითების შესწავლის ისტორია, მაგალითების სახეები და არქიტექტურა, მეგალითები და ბრინჯაოს ხანის საზოგადოება) და ხუთი პარაგრაფისგან (მენჰირები, მიცვალებულთა მეგალითური სახლები, მეგალითური სამლოცველოები, მეგალითური არქიტექტურული კომპლექსები და გოლიათთა მიწისქვეშა სახლები)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი პუბლიკაციების შესახებ აზრი გამოთქვეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებმა: ზურაბ მახარაძემ, ირინე ღამბაშიძემ და გიორგი მინდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები