მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმმა დაარსებიდან 40 წლის იუბილე აღნიშნა

მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი წელს დაარსებიდან 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.
6 დეკემბერს მუზეუმმა საიუბილეო წლის შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება მუზეუმის ისტორიასა და ფოტოგამოფენას გაეცნო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მუზეუმში არსებული ხალიჩის ხელით ქსოვის წრის მოსწავლეების ნამუშევრები. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
საიუბილეო წლის ფარგლებში სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით აქტივობასთან ერთად, დამზადდა საპატიო მედალი – ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობის სიმბოლო, რომელიც კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მუზეუმისგან გადაეცა.
„მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ ხიდს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. 1982 წელს, დიდი აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის მუზეუმი მისი 170-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისში, სწორედ იმ შენობაში გაიხსნა, სადაც მირზა ახუნდოვი ცხოვრობდა.
მირზა ახუნდოვის ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან. 1834 წლიდან ახუნდოვი საცხოვრებლად სამუდამოდ გადმოვიდა თბილისში და მუშაობა მეფისნაცვლის კანცელარიაში დაიწყო, აღმოსავლური ენებიდან მთარგმნელის თანამდებობაზე.
პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამაზრო სასწავლებელში, ასწავლიდა თურქულ და სპარსულ ენებს. ახუნდოვის მოღვაწეობამ დიდი როლი შეასრულა აზერბაიჯანულ და ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. ქართულად ახუნდოვის კომედია („ლენქორანის ხანის ვეზირი”) პირველად თარგმნა აკაკი წერეთელმა „ხანის ვეზირის” სახელწოდებით (დაიბეჭდა 1898 წელს „კრებულში”, №7 და იმავე წელს წარმოადგინეს ქართულ სცენაზე). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: ლომისა და მზის III ხარისხის ორდენი ალმასებით მორთული (სპარსეთი, 1846), ლომისა და მზის II ხარისხის ორდენი ვარსკვლავით (სპარსეთი, 1868), IV ხარისხის მეჯიდიე (ოსმალეთი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები