პრემიერი: მინდა, კიდევ ერთხელ, ჩემი გულის ტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო უკრაინის ომში გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ესაა ტრაგედია, ესაა დიდი დანაკლისი
ბოლო ორი დღეა, მე მინდა, საზოგადოებას განვუმარტო და, მათ შორის, ყველას, ვინც შესაძლოა, უსმენდა ამ არასწორ ინტერპრეტაციებს ჩემი ნათქვამის. მგონი, ყველამ ძალიან კარგად გაიგო და კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო ჩემი ნათქვამი. პირველ ყოვლისა, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გულწრფელად, ჩემი გულის ტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო უკრაინის ომში ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ესაა ტრაგედია, ესაა დიდი დანაკლისი და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით, მე ვთქვი, რომ სახელმწიფოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ სამხედრო პატივით ყველა ეს ადამიანი მიებარა მიწას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ადამიანის გარდაცვალების თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა.
„მე მინდა, ვთხოვო ყველას, მათ შორის, ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ, ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთ საკითხებზე რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს, განსაცდელში მყოფი, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა. რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ, მე ვიყავი შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრი და ორჯერ პრემიერ-მინისტრი ვარ თან.
ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პატივისცემა, ყურადღება ყველასთვის ცნობილია, როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი, ასევე ვეტერანების და ასევე ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ. მე ამას ისე არ ვამბობ, მე უბრალოდ ჩემს პოზიციას გამოვხატავ”, – აღნიშნა პრემიერმა.